გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თავის გამოსვლაში ყურადღება, პარლამენტის ახალი რეგლამენტით განსაზღვრულ სიახლეებზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი, კიდევ უფრო აქტიურს და ნაყოფიერს გახდის კომიტეტების და, საბოლოოდ, მთლიანად პარლამენტის საქმიანობას.
„მისასალმებელია, რომ რეგლამენტით გათვალისწინებულია ის სიახლე, რაც ნიშნავს რომ ყველა კომიტეტი ვალდებულია ჰქონდეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. როდესაც 2016 წელს პარლამენტი აირჩიეს და კომიტეტი დაკომპლექტდა, ერთ-ერთი პირველი საკითხი რაზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა და რაშიც დახმარება გაგვიწია გაეროს განვითარების პროგრამამ, იყო გრძელვადიანი სტრატეგია და შემდეგ ამ სტრატეგიის საფუძველზე სამოქმედო გეგმის აწყობა. სიახლე აქ იყო ისიც, რომ ამ სამოქმედო გეგმით ჩვენ გათვალისწინებული გვქონდა როგორც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებები, ასევე მდგრადი განვითარების მიზნები, რომელიც უკავშირდებოდა ამ კონკრეტულ გეგმას. ამავე დროს ჩვენ მაშინვე დავნერგეთ პრაქტიკა, რომ თემატიკის მიხედვით გადაგვენაწილებინა კომიტეტის წევრებზე, თუ რომელ საკითხზე, რომელი დეპუტატი იქნებოდა პასუხისმგებელი. ორი წლის მუშაობის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საკმაოდ ეფექტური მეთოდია“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ახალი მეთოდის დანერგვამ საშუალება მისცა კომიტეტში შემოსულ საკითხებზე, საკანონმდებლო იქნებოდა იგი, თუ საზედამხედველო, თავიდანვე განესაზღვრათ დეპუტატთა წრე, ვინც ამ საკითხებზე იმუშავებდა და რეაგირებას მოახდენდა.
„ამიტომ, რეგლამენტში ამის დანერგვას, კიდევ უფრო მივესალმები და დარწმუნებული ვარ, ეს მიდგომა არა მხოლოდ პარლამენტის, ზოგადად კომიტეტის თითოეული დეპუტატის ჩართულობის უფრო მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს”, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც კახა კუჭავამ განაცხადა, ზედამხედველობის ნაწილში კომიტეტმა თავის საქმიანობაში ასევე გარკვეული სიახლეები შემოიტანა და მისასალმებელია, რომ ეს ინიციატივაც ასახულია უკვე რეგლამენტში.
„მიხარია, რომ ეს სავალდებულო ხდება კომიტეტებისათვის. ვგულისხმობ თემატურ მოკვლევებს. ჩვენმა კომიტეტმა 2018 წელს დაიწყო საკომიტეტო თემატური მოკვლევა თბილისში ატმოსფერული ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით, და უკვე რამდენიმე თვის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროცესი, რომელიც პილოტურ რეჟიმში მიმდინარეობდა, საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ დარჩენილი გვაქვს ბოლო ეტაპი, სადაც სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები მოვლენ და გაგვცემენ პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც აქტუალურია თემასთან დაკავშირებით. ზოგადად პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც პირველ რიგში ღია მმართველობის პრინციპებს უსვამს ხაზს და ეს ის პროცესია, რომელიც თითოეულ ადამიანს, საზოგადოების წარმომადგენელს, იქნება ის კერძო თუ ფიზიკური პირი, აძლევს უფლებას და საშუალებას თავადაც უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესებში. ამიტომ, ვთვლით, რომ ეს ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც წელს პარლამენტის და კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობაში კიდევ უფრო გააქტიურდება და ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
მისივე განცხადებით, მესამე საკითხი, რომელიც ასევე პარლამენტის ახალ რეგლამენტშია გათვალისწინებული და რომელზეც კომიტეტი აპირებს აქტიურად დაიწყოს მუშაობა, ეს არის, ნორმატიული აქტების აღსრულებაზე კონტროლი.
მისივე თქმით, ესეც, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა რეგლამენტში, რომელიც კანონმდებლებს საშუალებას მისცემს უკვე მიღებულ კანონებზე პოსტ ზედამხედველობა განახორციელონ, რამდენად სწორად ხდება აღსრულება, საჭიროებს თუ არა დამატებით ცვლილებებს, რათა ნებისმიერი კანონი, რომელსაც პარლამენტი იღებს, იყოს მაქსიმალურად ეფექტური დროში და ამის ერთდერთი საშუალება არის იმ მექანიზმების გამოყენება, რომლებსაც ახალი რეგლამენტი სთავაზობს კანონმდებლებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ანგარიშში ხაზგასმული კონკრეტული აქცენტები კიდევ უფრო გააძლიერებს პარლამენტის მუშაობას, კომიტეტების და ცალკეული დეპუტატების მუშაობას და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს, როდესაც წარვდგებით კიდევ ერთხელ ჩვენი ანგარიშებით, უფრო საინტერესო მოსასმენი იქნება იმ კუთხით, თუ ახალი რეგლამენტის ერთი წლის თავზე როგორ შევასრულეთ ჩვენ ის ვალდებულებები, რომლებიც ავიღეთ ამ ახალი რეგლამენტით”, - განაცხადა კახა კუჭავამ.