პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განცხადა, რომ მას სურს პარლამენტი იყოს ისეთი ძლიერი, როგორიც დემოკრატიულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს.
„ჩემი პირველი შეხვედრა საქართველოს პარლამენტთან იყო 10 წლის წინ. 10 წლის წინ ვიყავი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი და მაშინ მქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი კომიტეტის სხდომებს. ეს იყო როდესაც პირველად ჩემი თვალით ვნახე როგორ მუშაობდა პარლამენტი და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რაც კი ოდესმე მქონია. იმიტომ, რომ აღმოჩნდა სრული სიცარიელე, პარლამენტი ზუსტად იგივე ფუნქციის მატარებელი იყო, რა ფუნქციასაც ატარებენ ნოტარიუსები და აბსოლუტურად არანაირი პროცესი არ მიდიოდა იქ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, არ იყო არანაირი განსხვავებული აზრი, აბსოლუტურად არანაირი განსხვავებული პოზიცია, არანაირი კითხვა, ზედამხედველობასა და მინისტრის დაბარებაზე კი, საუბარი კი არა, ფიქრიც არ მიდიოდა.
„მქონდა სურვილი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის დროს აღმოჩენილიყო დარბაზში პარლამენტის წევრი, რომელიც ჩათვლიდა თავს ვალდებულად, რომ კითხვა დაესვა. ძალიან ბევრ კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ვიყავი, თითქმის არ იყო ადამიანი, რომელსაც კითხვის დასმის სურვილი გაუჩნდებოდა და როგორც წესი, ვიყავი ხოლმე მარტო მე არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომელსაც შეიძლებოდა კითხვა გასჩენოდა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მე-9 მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებისთანავე, მთავარ ამოცანად პარლამენტის გაძლიერება განისაზღვრა.
„ორი წლის წინ, როდესაც მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგა, როდესაც ჩვენ გვეკითხებოდნენ, რა იქნებოდა მთავრი ამოცანა, მე-9 მოწვევის პარლამენტის, სრულიად გულწრფელად გვქონდა პასუხი, რომ ჩვენ გვინდა, პარლამენტი იყოს ძლიერი, იყოს ისეთი, როგორიც დემოკრატიულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს და პირველ რიგში, ეს გულისხმობს პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელების შესაძლებლობას, უნდა შეძლოს მთავრობის კონტროლის შესაძლებლობას და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საგაზაფხულო სესიის პირველი კვირაში, ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, პარლამენტი ორი მინისტრის ანგარიშს მოისმენს.
„დღეს საგაზაფხულო სესიის პირველი დღეა. იმ ახალი კანონმდებლობით, რომელიც ძალაში სულ, რამდენიმე კვირის წინ შევიდა, ჩვენ ვიწყებთ ახალ რეჟიმში მუშაობას. პირველივე კვირას, ჩვენ ორი უმნიშვნელოვანეს დარგზე პასუხისმგებელი მინისტრები გვეყოლება იმისთვის, რომ მოვისმინოთ რას აკეთებენ, დავუსვათ მწვავე კითხვები, დავრწმუნდეთ იმაში, სწორად მიდის თუ არა, შესაბამისი მიმართულებით საქმიანობა. თუ არ მიდის, თუნდაც გავაკრიტიკოთ, თუნდაც შევაქოთ. ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ისინი, იყვნენ ანგარიშვალდებულები ხალხის წინაშე და ანგარიშვალდებულები იყვნენ საქართველოს პარლამენტის წინაშე,“- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, დღეს სხვა რეალობაა და საქართველოს პარლამენტმა უნდა იმუშაოს სხვანაირად ვიდრე ამას აკეთებდა ოდესმე, ამისთვის კი, არსებობს ყველა შესაძლებლობა შესაბამისად, ყველა პარლამენტარს ეკისრება პასუხისმგებლობა.
„ყველა ჩვენგანზეა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ ეს შესაძლებლობები გამოვიყენოთ მაქსიმალურად. სწორედ მე-9 მოწვევის პარლამენტმა გააჩინა, ის შესაძლებლობები და ის ფუნქცია მისცა პარლამენტს, რომელიც მანამდე არასდროს ჰქონია და ჩვენზეა დამოკიდებული, რომ დარჩენილი ორი წლის განმავლობაში ეს ფუნქცია გავახორციელოთ ისე, რომ საზოგადოებამ დაინახოს და დარწმუნდეს, რომ პარლამენტი ზრუნავს იმ თემებზე, რაც მათ აწუხებთ, პარლამენტი ფიქრობს და საუბრობს იმ საკითხებზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია და წყვეტს იმ საკითხებს, რაც მათთვის მნიშვნელოვანია.
ამ პასუხისმგებლობის ნაწილია ის, რომ ეს უფლებამოსილება, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ კონსტრუქციულად, გამოვიყენოთ საქმიანად და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მიდგომა ასეთი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება ეს და არა „კონცერტები და სცენები“. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ის, რასაც ჩვენი მოსახლეობა იხილავს, თუმცა დარწმუნებული არ ვარ იმაში, რომ იმედები და მოლოდინები გამიმართლდება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თავის გამოსვლაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხსაც შეეხო, რაც მისივე განცხადებით პარლამენტს დიდი პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს.
„ჩვენს წინაშე არის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ასეთი პასუხისგებლობა არ მდგარა, არცერთი პარლამენტის წინ. უნდა დავნიშნოთ უზენაესი სასამართლოს 18 მოსამართლე და უნდა დავნიშნოთ ისინი უვადოდ. ეს არის უდიდესი პასუხისგებლობა. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც წლების და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგვყვება და მე მინდა, პირველ რიგში, მივმართო იმ ადამიანს, რომელსაც ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ დღეს, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომლის მიმართაც დიდი მოლოდინებია, რომელიც ძალიან კარგი იურისტია და რომელსაც მოუწევს ატაროს სრული პასუხისმგებლობით ის ტვირთი, რა ტვირსაც მას პარლამენტი დააკისრებს. მან უნდა უზრუნველყოს ღია, გახსნილი პროცესი და საზოგადოების ნდობა იმ უმნიშვნელოვანესი თემის მიმართ, რომელზეც ყველას ერთად გვაქს გადაწყვეტილება მისაღები“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კოლეგებს წარმატება უსურვა მომდევნო ორი წლის საქმიანობაში.
„მინდა წარმატება ვუსურვო საქართველოს პარლამენტს, მნიშვნელოვანი ორი წლის გზაზე და წარმატებები ვუსურვო თითოეულ ჩვენთაგანს, იმ საქმის განხორციელებაში, რასაც ჰქვია, პირველ რიგში, ამ ახალი კონსტიტუციის, ახალი რეგლამენტის სწორი იმპლემენტაცია და წარმატებები ვუსურვო, რომ არ გავუცრუოთ საზოგადოებას იმედები, იმ უმნიშვნელოვანეს საქმეში, რაც ქართული მართლმსაჯულებისთვის გადამწყვეტი ფაზაა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.