საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კომიტეტი საპარლამენტო კონტროლს და ზედამხედველობას ახორციელებს სამი ძირითადი მიმართულებით, ესენია: ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
„ფინანსთა სამინისტროს სრულ კომპეტენციას განეკუთვნება ბიუჯეტთან დაკავშირებული საქმიანობა, ბიუჯეტის განხილვა, უპირველს ყოვლისა სახელმწიფო ბიუჯეტის და მასთან დაკავშირებული საკითხების, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა. განსაკუთრებით გამოვყოფდი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს და ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტოდ მაღალი ციფრები ამ თვალსაზრისით. მოგეხსენებათ თქვენ, რომ ასიგნებები 2019 წლის ბიუჯეტში აღემატება 13 მილიარდ ლარს და აღწევს 13 მილიარდ 90 მილიონ ლარს, დეფიციტი გვაქვს 2.6 %-ის ფარგლებში. ინფლაცია არის 3%. ეს ის ციფრებია, რომელიც შეთანხმებულია, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტთან, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. სახელმწიფო ბიუჯეტი, ამ თვალსაზრისით არის გარანტი მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ფინანსური მდგრადობის და ეკონომიკური ზრდის და საფუძველს ქმნის, ყველა ამ მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი არის სტრუქტურა, რომელიც პასუხს აგებს ქვეყანაში ფასების სტაბილურობაზე, საბანკო ზედამხედველობაზე და გასულ წელს დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციით, მას უფლებები გაეზარდა.
„შარშან ჩვენ იმპლემენტაცია დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი კანონმდებლობის, რომელიც ეროვნულ ბანკს აძლევს საფუძველს გაამკაცროს ზედამხედველობა, ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით საბანკო ზედამხედველობაზე და ასევე, დაიწყოს ზედამხედველობა საფინასო სექტორის არასაბანკო ნაწილში. ამ კანონმდებლობამ, ასევე, გამოიწვია არაპროფილური აქტივების გატანა საბანკო სექტორიდან“, - აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კოვზანაძე, თავის გამოსვლაში შეეხო მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერებას, ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების გაზრდას, ჭარბვალიანობის შემცირებას და ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მექანიზმების ამუშავებას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე საუბრისას, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სახელმწიფო აუდიტი, სისტემატურად, წლის განმავლობაში, 75-დან 80-მდე ანგარიშს აქვეყნებს.
„ეს ანგარიშები იგზავნება საქართველოს პარლამენტში. ჩვენ რეგლამენტში გვაქვს, უკვე გაწერილი მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთანაა და ეს ჯგუფი, გერმანული მოდელის მიხედვით იხილავს ამ ანგარიშებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ფინანსებზე, ასეთი კონტროლის თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ბერკეტი, რომელშიც მონაწილეობს ყველა დეპუტატი, ვისაც ამის სურვილი აქვს, მონაწილეობენ სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე დაინტერესებული უწყებები. ეს დასკვნები ყველა იმ უწყების ინტერესის საგანია, რომელიც ამ კონტროლის მექანიზმშია“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
მისივე თქმით, პარლამენტში ინიცირებული საკითხების 46% განხილული იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.