„შემიძლია პირდაპირ დავასახელო ორი გვარი, რომელიც ამ უმძიმეს ბინძურ პროვოკაციაზეა პასუხისმგებელი. ეს არის- მელია და ბოკერია",-აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სოფელ კორცხელში განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ მათ დაიწყეს ვითარების ესკალაცია.
„ჩვენი მხარდამჭერები მობილიზებულები იყვნენ მხოლოდ პრევენციის მიზნებისათვის, რომ არ მომხდარიყო ჩვენი ამომრჩევლების დაშინება. მოგეხსენებათ, „ნაციონალურ მოძრაობას" საარჩევნო უბანთან ბიტებით შეიარაღებული 15 კაციანი ზონდერ ჯგუფი ყავდა. ერთადერთი შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც ჩვენს მხარდამჭერს ხელში უჭირავს ბიტა. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ბიტა წაართვა ამ კონკრეტულმა აქტივისტმა „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს. ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია. პირველი შემთხვევა არ არის. კარგად მოგეხსენებათ, გარდაბანში მთელი საარჩევნო პროცესი ძალიან მშვიდად წარიმართებოდა, მაგრამ შვიდ საათზე „ნაციონალურმა მოძრაობამ" მაინც მოახერხა სპექტაკლის დადგმა იმისათვის, რომ ჩრდილი მიეყენებინა საარჩევნო პროცესისთვის. ზუსტად იგივე, მარგინალური სტილით აგრძელებენ მუშაობას", - აღნიშნა აღმასრულებელმა მდივანმა.