ჟურნალისტი მაია კახიძე მსახიობ, გურანდა გაბუნიას დაკრძალვას ვერ დაესწრება. ამის შესახებ ჟურნალისტი, სოციალურ ქსელში წერს:
„ათეული წლები ვიცნობდი ორივეს, ბატონ ოთარს და მის მეუღლეს. ბევრი რამის გახსენება შემიძლია, მაგრამ ჩემს მოგონებებში დავწერ, ასე მირჩევნია. ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ გარდაცვალებამდე ბატონი ოთარი სულ სხვანაირი გახდა. რბილი, თბილი, კეთილი და ადამიანური დამოკიდებულება იგრძნობოდა და მშვიდად ვიყავი იმ მხრივ, რომ ადრინდელი დაძაბულობა გაიფანტა და ვხედავდი სრულიად სხვა ოთარს. ასევე მოხდა გურანდასთანაც. მისგან უფრო მეტად ვილანძღებოდი, როგორც ჟურნალისტი, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, ერთხელ ისე მოეწონა ჩემი დაწერილი ინტერვიუ, მადლობაო, ყურმილში ჩამძახა. ვერ დავიჯერე, ქალბატონი გურანდა რედაქციაში რომ რეკავდა.
კიდევ ერთი მსახიობი შეუერთდა ზეციურ საქართველოს. მგონია, რომ იქ შეხვდებიან ერთმანეთს ქ.ნი გურანდა და ბატონი ოთარი. გაანათლოთ ორივე უფალმა. რაც იყო იყო.
მეტს არ გავაგრძელებ და თქვენთან ერთად მივუსამძიმრებ მარჯანიშვილის თეატრს, თეატრალურ საზოგადოებას, კოლეგებს, ოჯახს, შვილს და შვილიშვილს.
პ.ს. ხვალ ვერაფრით მოვახერხებ დაკრძალვაზე წასვლას, მეტად საპატიო მიზეზის გამო. ფოტო კი, რა თქმა უნდა, ჩემი არქივიდან გახლავთ“, - წერს მაია კახიძე.