ჯანი ინფანტინოს, რომელიც ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტია, პოსტის შენარჩუნება სურს. ამის შესახებ BBC წერს.
ინფანტინო FIFA-ს მორიგი არჩევნების ერთადერთი დარეგისტრირებული კანდიდატია. პოტენციური კანდიდატების დარეგისტრირების ვადა 5 თებერვალს ამოიწურა.
FIFA-ს პრეზიდენტის არჩევნები 2019 წლის 5 ივნისს, პარიზში გაიმართება. 48 წლის ინფანტინოს 211 ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ფედერაციის მხარდაჭერა აქვს.
სწორედ ჯანი ინფანტინოს იდეაა, რომ 2026 წლის მსოფლიო თასზე, გუნდების რაოდენობა 32-დან 48-მდე გაიზარდოს.
ჯანი ინფანტინო FIFA-ს პრეზიდენტად 2016 წლის თებერვალში აირჩიეს. მანამდე ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას იოზეფ ბლატერი ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა კორუფციული სკანდალის შემდეგ დატოვა.