საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2016 წლის 27 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში (თბილისი, მ.აბდუშელიშვილის ქ.1) გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურის განხილვა.
მომხსენებლები: საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი;
საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე.
„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ" ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს სამხედრო ძალების სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.