„ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ამ ქვეყნის ხედვამ, რომელიც, თავისი მცირე ზომის მიუხედავად, ისწრაფვის ინოვაციების, ტექნოლოგიის, ცოდნისა და მეცნიერების სამყაროში თავისი ადგილის დამკვიდრებისკენ. მიუხედავად მსოფლიო გლობალიზაციისა, იშვიათია, რომ მსგავსი ცენტრი პატარა ქვეყანაში დაარსდეს - როგორც წესი, ასეთი ინსტიტუტები დიდ სახელმწიფოებში იქმნება", - ამის შესახებ იტალიის ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტის (INFN) პრეზიდენტმა ფერნანდო ფერონიმ ჟურნალისტებს საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ძალიან მისასალმებელია, რომ პატარა სახელმწიფოებს აქვთ სამეცნიერო ტიპის კვლევების ჩატარების სურვილი.
„კვლევითი ცენტრები მომავლის შექმნას უწყობენ ხელს. ქვეყანა დაიკარგება ტექნოლოგიების, მეცნიერების, ცოდნის გარეშე. საქართველომ, ამ ცენტრის დაარსებით, ხაზი გაუსვა თავის სურვილს, მომავალში იყოს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის. ცენტრის ფუნქცია უმნიშვნელოვანესია. მართალია, იგი ეფუძნება ნაწილაკების აჩქარების მექანიზმს, რაც, ძირითადად, ფუნდამენტური მეცნიერების დარგში გამოიყენება, აქ იგი ხელს შეუწყობს სიმსივნის მკურნალობას. თუმცა თქვენ გჭირდებათ არა მარტო ის პირები, რომლებიც კოლაიდერს აამოქმედებენ, არამედ გესაჭიროებათ ექიმები, ბიოლოგები, რადიო-ბიოლოგები, ინჟინრები, ქიმისოსები, სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე ადამიანები. ნიშანდობლივია, რომ ეს ცენტრი მუშაობას ნულიდან იწყებს და წარმატების მისაღწევად აერთიანებს ყველას. ცენტრი ხელს შუწყობს მეცნიერების სფეროს განვითარებას საქართველოში", - აღნიშნა ფერნანდო ფერონიმ.