ავტორი ლიზი ჯიხვაძე
კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.
მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც აპლოდისმენტებით გამოასვენეს.
„რეპორტიორთან“ საუბარში ყოფილმა დეპუტატმა, მსახიობმა გია ჯაფარიძემ გურანდა გაბუნია გაიხსენა.
„მე ქალბატონ გურანდასთან ერთად სცენაზე არასდროს ვმდგარვარ, თუმცა, ბატონ ოთარს კარგად ვიცნობდი და მასთანაც აქედან მქონდა შეხება. გურანდა გაბუნიამ საოცარი კვალი დატოვა ქართულ თეატრალურ ცხოვრებაში. ის შესანიშნავი ოჯახის დედა და ქართული თეატრის სული და გული გახლდათ“, - აღნიშნა გია ჯაფარიძემ.
გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.