ავტორი ლიზი ჯიხვაძე
კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.
მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც აპლოდისმენტებით გამოასვენეს.
„რეპორტიორთან“ საუბარში მსახიობმა ზურა ბერიკაშვილმა გურანდა გაბუნია გაიხსენა.
„ჩემი თეატრისადმი სიყვარული გაჩნდა იმ სპექტაკლებიდან, სადაც ქალბატონი გურანდა მონაწილეობდა. ბევრ სპექტაკლში ის მამაჩემის პარტნიორიც გახლდათ და დაახლოებით 3-4 წლის ასაკიდან ვესწრებოდი მის სპექტაკლებს რუსთაველის თეატრში. რამდენიმე სპექტაკლში ქალბატონი გურანდას პარტნიორიც გახლდით. ის არაჩვეულებრივი ადამიანი და პარტნიორი იყო. იმდენი ენერგია ჰქონდა, ალბათ, კიდევ ბევრ როლს ითამაშებდა“,- აღნიშნა ზურა ბერიკაშვილმა.
გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.