ე.წ „კლუბების საქმეში“ ბრალდებულ ქ.მ-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ, სასჯელის სახით, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
„საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქ. თბილისში მდებარე ღამის კლუბებში სხვადასხვა დროს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები ღამის კლუბებში - „ბასიანი“, „ხიდი“, „კაფე გალერი“ და „მტკვარზე“ - მოქალაქეებზე უკანონოდ გაასაღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება.
სასამართლო გადაწყვეტილებით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბ.დ.-ს 9 წლითა და 6 თვით, ვ.ჟ.-ს - 8 წლით, ჯ.ე.-ს - 8 წლით, თ.ჩ.-ს- 7 წლით, გ.მ.-ს - 8 წლით და მ.მ.-ს, ასევე, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ქ.მ.-ს და ლ.მ.-ს ბრალდების საქმეების განხილვა. მოსამართლემ ორივე მათგანი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 8 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
დღევანდელი განაჩენებით თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის დაკავებულ პირთა საქმეების განხილვა დასრულდა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.