„ე.წ. ქუჩური გარჩევა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მეზვრიშვილმა, კანონპროექტის დეტალებზე საუბრისას განმარტა, თუ რა შემთხვევები შეიძლება ჩაითვალოს ე.წ. ქუჩურ გარჩევად. მისივე თქმით, კანონპროექტი, რომელიც დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრების კრიმინალიზაციას ითვალისწინებს, უკვე მომზადებულია, თუმცა, მთავრობის სხდომაზე მისი განხილვა ჯერ არ მომხდარა.
„კანონპროექტს მთავრობის მომავალი კვირის სხდომაზე წარვადგენთ, შემდეგ პროცედურულად პარლამენტში წავა და იქ დაიწყება განხილვები. ეს არის ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის თემა, ასე ვუწოდებდი ამ კანონს, რომელიც ქუჩური გარჩევების საკითხს არეგულირებს და ქუჩური გარჩევების კრიმინალიზებას ახდენს. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, ორი დაჯგუფება ქუჩაში შეიკრიბა და ძალადობის, ძალადობის მუქარის ან სხვა უკანონო მეთოდების გამოყენებით, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, ცდილობს ერთმანეთში არსებული დაპირისპირების გადაჭრას. ამ ტიპის ქმედებებზე სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლი არ არსებობს. გვაქვს ხულიგნობა, იარაღის ტარება, მკვლელობის მცდელობა, მაგრამ სპეციალური მუხლი, ამის მარეგულირებელი, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, რაც შეიძლება დიდი სამიზნე ჯგუფი ავიღოთ, რომელიც ამ ტიპის ქმედებებშია ჩართული, არ არსებობს.
დაჯგუფებები, რომლებიც ქუჩაში დაიწყებენ, მათ შორის არსებული დაპირისპირების გარჩევას და ამ გარჩევის დროს გამოიყენებენ უკანონო მეთოდებს, დაისჯებიან სისხლის სამართლის წესით, რაზეც კანონპროექტის მიხედვით, სხვადასხვა ტიპის სანქციებია გათვალისწინებული. მათ შორის, თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით. ასევე, არის ალტერნატიული სანქციები - ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. თანხის მინიმალური ოდენობა კონკრეტული მუხლებით განსაზღვრული არ არის, გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც ზოგადად ჯარიმის მინიმალური ოდენობა არის განსაზღვრული, მაქსიმალური ოდენობა დადგენილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეს შეუძლია ნებისმიერი ოდენობის ჯარიმა გამოიყენოს პირის მიმართ.
ქმედების შინაარსიდან გამომდინარე, ამას თუ მძიმე შედეგი მოჰყვა, მაგალითად, დაიწყო გარჩევა, ერთმანეთის მიმართ ძალადობა გამოიყენეს და ძალადობას მოჰყვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, დამატებითი კვალიფიკაცია მოხდება შესაბამისი მუხლით.
სანქციის 2 წელზე მეტ ვადაზე გაზრდა მიზანშეწონილი არ იყო პრაქტიკული თვალსაზრისით. თუ ძალადობას დაჭრა მოჰყვა, შესაბამისი მუხლები გვაქვს, რასაც ეს დაემატება და სანქცია უფრო მაღალი იქნება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მეზვრიშვილი აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივი ჩხუბისა და კრიმინალური გარჩევის გამიჯვნა მტკიცებულებებით გახდება.
„ყველაფერი მტკიცების თემაა. თუ მტკიცებულებებით დავადასტურებთ, რომ რეალურად გარჩევას ჰქონდა ადგილი და დავის უკანონოდ გადაწყვეტის პროცესში მოხდა უკანონო მეთოდების გამოყენება, რაც ნორმალურ საუბარს თან არ სდევს ხოლმე, მაგალითად, ნორმალურ საუბარში ფიზიკური ძალადობა, მუქარა არ ხდება. თუ ეს ყველაფერი თან არ ახლავს, ეს დასჯადი არ იქნება, მაგრამ თუ მტკიცებულებებით ამას ვადასტურებთ, ეს პირები დაისჯებიან“, - აღნიშნავს ნათია მეზვრიშვილი.