კანადის სასამართლომ ტორონტოელ ლანდშაფტის დიზაინერს, ბრიუს მაკარტურს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, სასჯელის 25 წლის მოხდამდე ვადამდელი გათავისუფლების უფლების გარეშე. ის 8 ადამიანის მკვლელობაში სცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას Globe and Mail-ი ავრცელებს.
ის, გასული წლის დასაწყისში დააპატიმრეს, როდესაც მის სახლში საწოლზე მიბმული ბიჭი აღმოაჩინეს. პოლიციის ცნობით, მებაღემ სხვა მსხვერპლთა ნაწილები, ერთ-ერთი კლიენტის ბაღში დამარხა. გასული წლის ბოლოს, მაკარტურმა დანაშაული აღიარა.
ის ამჟამად 67 წლისაა. მისი, ყველა მსხვერპლი გეი-ვილიჯის მაცხოვრებელი იყო. ამ დასახლებაში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ.
მაკარტურმა მკვლელობები 2010 წლიდან 2017 წლამდე ჩაიდინა. მისი პირველი მსხვერპლი მაკარტურის ნაცნობი იყო. მის მერე მოკლა ორი ავღანელი მიგრანტი, ორი შრი-ლანკელი დევნილი, ერთი ირანელი, ერთი დაბადებით თურქი და ერთიც უსახლკარო კანადელი.