logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: საიდან შემოიჭრება სააკაშვილი? - სარფი თუ წითელი ხიდი
- +

9 თებერვალი. 2019. 17:48

 

 

არჩევნები და ამომრჩეველი

უღიმღამოდ ჩატარებული პირველი ტურის შემდეგ, ხალხმა „ოცნებას“ არჩევნების მეორე ტური მოაგებინა და წამზომიც ჩაურთო. 800 000 ხმის მიმღებმა ოპოზიციამ კი საპროტესტო აქციაზე 4 000 კაცი გამოიყვანა, რამაც ოპოზიციის მიერ „მიღებული“ 800 000 ხმის გარშემო საფუძვლიანი ეჭვები აღძრა. ოპოზიციური კანდიდატის შტაბის შეფი დიდუბის საპასპორტოს და რეესტრის (უწყება, რომელიც პირადობების გაცემის და მოქალაქეების მისამართებზე რეგისტრაციის საკითხებს უძღვება) ყოფილი მაისტერი გიორგი ვაშაძე იყო. 2003 წლიდან მოყოლებული ნაციონალებს არჩევნების ჩატარების არცთუ უმწიკვლო რეპუტაცია გააჩნიათ და ყალბი პირადობის მოწმობების მასიური დაბეჭდვის შესახებ ინფორმაციები მაშინაც მუსირებდა. ეს დაკავშირებული იყო სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის პერიოდთან. ბოლო არჩევნების დროს, ოპოზიციურ კანდიდატს მაქსიმალური შედეგები ისეთ უბნებზე აქვს, სადაც მჭიდრო დასახლებებია და საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ამომრჩეველების სახეზე ცნობის ალბათობა დაბალია. ეს სურათი ამომრჩეველთა სიების გადახედვის აუცილებლობას აჩენს. ძველი ფორმის პირადობის მოწმობებით ხმის მიცემა აღარ უნდა დაიშვას. მმართველი ძალა ამ საკითხზე ღია კომენტარს ერიდება, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდოს თავი. საარჩევნო სია კი მისახედია.

 

არჩვენებმა დაგვანახა, რომ აქტიური 2,2 მლნ ამომრჩევლისგან, 800 000 ადამიანისთვის არც „ოცნებაა“ პირველი არჩევანი და არც „ნაციონალური მოძრაობა“. კიდევ დაახლოებით ამდენივე სრულ ნიჰილიზმს იჩენს და საერთოდ არ მიდის არჩევნებზე. გამოდის, რომ 1,6 მლნ ამომრჩეველი ელოდება ახალ ძალას, ახალ იდეებს და ეს ბუნებრივიც არის იმ პირობებში, როცა რეალური განვითარების გეგმა არავის აქვს.

 

პირველ ტურში მმართველი ძალის წაფორხილებას რამდენიმე მიზეზი აქვს: 1. კვირიკაშვილის მთავრობამ ხალხს „ოცნების“ მხარდაჭერის ენთუზიაზმი გაუნელა. 2. „ოცნება“ ჯეროვნად არ მოემზადა. კანდიდატს, რომელიც მთლად თავისიანად არ მიაჩნდათ, უემოციოდ, ზერელედ, ნახევარი ძალით ეხმარებოდნენ.

 

რა შეიცვალა 2016 წლიდან?

შეიცვალა პრემიერი. 2012-15 წლებში ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა ქვეყნისთვის ყველაზე საჭირო - იმპორტის ჩანაცვლების სახელმწიფო პროგრამა. დაიწერა ცალკეული რეგიონის განვითარების კონცეფცია. ღარიბაშვილს ჰქონდა მხარდაჭერა ხალხისგან და კარტ-ბლანში ლიდერისგან. მან მოახერხა და მიზანი დაგვანახა, რომელიც ხალხმაც მიიღო. კვირიკაშვილმა კიდევ უფრო მეტი უფლებები მიიღო ივანიშვილისგან, რომელიც დემონსტრატიულად არ ერეოდა პარტიის და მთავრობის საქმეებში, რადგან ერიდებოდა ბრალდებას არაფორმალური მმართველობის შესახებ. კვირიკაშვილი მთავრობის პოლიტიკას რადიკალურად ცვლის და ალავიძე-ქუმსიშვილი-ჯანელიძე სამეულთან ერთად, 2016 წელს აქვეყნებენ 4-პუნქტიან გეგმას, რომელსაც გზების და ინფრასტრუქტურის პროგრამა შეიძლება ვუწოდოთ. გამოცხადდა, რომ ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი ლარი ჩაიდება, ხოლო წარმოების განვითარებაში ანუ სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნაში კი 7 მლრდ-ის 1%. ამას მოჰყვა მოგების გადასახადის გადავადების ინიციატივა, რომელმაც ბანკების უზარმაზარი მოგებები კიდევ უფრო დიდი გახადა. ბანკებისგან მიუღებელი ბიუჯეტის შემოსავალი კი ყველას ხარჯზე შეივსო საავტომობილო საწვავზე გადასახადების გაზრდით. ამ ცვლილებით ის გამოვიდა, რომ წლიურად დაახლოებით 500 მილიონი ლარი ამოიღეს ხალხისგან. ბანკებმა კი მსოფლიოში ყველაზე დიდი ზემოგებები მიიღეს. ხალხისგან ფულის მასიურად ამოღებამ და პარალელურად სოციალური დახმარებების შემცირებამ დაბალშემოსავლიან ფენებს, სოციალურად დაუცველებს, წვრილ და საშუალო ბიზნესს დარტყმა მიაყენა. გაღრმავდა სიღარიბე. შედეგად „ოცნებამ“ მიიღო ის, რაც მიიღო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. ბანკირი ნაშოვნი ფულის დიდი ნაწილით დოლარს ყიდულობს ანუ ლარს ასუსტებს, უცხოეთში გახსნილ თავისივე ოფშორულ კომპანიაზე გადარიცხავს და მაღალი საპროცენტო განაკვეთით ისევ თავის ბანკს უბრუნებს კრედიტის სახით, რათა სესხი გასცეს და შედეგად ქვეყნიდან მეტი ვალუტა გაიტანოს. 3,8 მილიონი მოქალაქე კი ფულს ადგილზე ხარჯავს და ეკონომიკას ზრდის. პარალელურად სოფლის მეურნეობა არასწორი პოლიტიკის ან აგრარული პოლიტიკის საერთოდ არარსებობის გამო შემცირდა. საერთაშორისო ინიციატივებში და დიდ პროექტებში საქართველო აღარ ჩანს. ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან პოლიტიკურად ჩვენთვის ძვირფასია და მასში ღირს გარკვეული საფასურის გადახდა, მაგრამ მიღწეული შეთანხმება ეკონომიკური კუთხით არ არის იდეალური საქართველოსთვის. ასოცირების შეთანხმებით უკრაინამ $16 მილიარდი მიიღო ევროკავშირისგან. ჩვენც შეგვეძლო დაახლოებით $1-1,6 მილიარდის მიღება ევროკავშირისგან, თუმცა როგორც უკრაინელი და ევროპელი კოლეგები გვეუბნებიან, ამის შესახებ კომპეტენტური მოთხოვნა ქართული მხარისგან არ დამდგარა. გასარკვევია, ვინ წარმოადგენდა ქართულ მხარეს ევროკავშირთან ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკების დროს.

 

პუტინი და სააკაშვილი

2004-2012 წლების ანალიზი გვაჩვენებს, რომ მიუხედავად რუსეთის მიმართ აგრესიული რიტორიკისა, რუსეთმა საქართველოში მიიღო ყველაფერი, რაც სურდა. აფხაზეთსა და სამეგრელოში ჩავარდნის მიუხედავად, შევარდნაძემ მოახერხა რთულ საერთაშორისო პროექტებზე და გადაწყვეტილებებზე დასავლეთის დაყოლიება: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, სატრანსპორტო კორიდორი „ტრასეკა“ და „აბრეშუმის გზა“, ქართულ-ამერიკულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრი, რუსების სასაზღვრო ჯარების გაყვანა, რუსული ბაზების გაყვანა, ამერიკელების მიერ ქართული ჯარის წვრთნის და აღჭურვის პროგრამა. ამ პროექტების გამო რუსებმა შევარდნაძე ორჯერ ააფეთქეს. უმრავლესობა კი განხორციელდა და დღესაც მოქმედებს. ევროკავშირის სატრანსპორტო პროექტი „ტრასეკა“ და უფრო გლობალური „აბრეშუმის გზა“ კი სააკაშვილმა გააჩერა და ის ტვირთები, რომელიც ჩინეთიდან და შუა აზიიდან ჩვენზე უნდა წამოსულიყო, წავიდა რუსეთისკენ. აქ საუბარია მრავალი ასეულობით მილიონის შემოსავალზე წელიწადში, რომელიც ვერ მივიღეთ. დღეს ამ ტვირთებისგან შემოსავალს რუსეთი იღებს, ქართული რკინიგზის და პორტების ტვირთბრუნვა კი იკლებს.

 

2003 წელს რუსების მიერ სააკაშვილის მხარდაჭერა პირდაპირ გამოიხატა ივანოვის ჩამოსვლით. იგივე მოხდა აჭარის მოვლენების დროს. შემდეგ ხდება კონფლიქტი სააკაშვილსა და პუტინს შორის და 2006 წლიდან ქართველთა დეპორტაცია, ეკონომიკური ემბარგო იწყება, რომელმაც ქვეყანას დიდი ფული დააკარგვინა. ამავე დროს „ანტირუსი“ სააკაშვილი არც დსთ-დან გადის და არც დსთ-ს სამიტებზე ჩასვლას უკადრისობს. სააკაშვილის მიერ მოტყუებული პუტინი 2007 წელს სააკაშვილის ჩამოგდებას გეგმავს, რაც არ გამოსდის. 2008 წლის თებერვალში კოსოვო დამოუკიდებლობას აცხადებს და დასავლეთი მას რუსეთთან შეუთანხმებლად აღიარებს. პუტინი ეძებს ასიმეტრიული პასუხის ვარიანტებს და 2008 წლის აგვისტოს ომის სცენარისთვის ემზადება. დაგებულ მახეში სააკაშვილი ებმება. ამას დაემთხვა ამერიკაში გარკვეული წრის ინტერესი, რათა კონფლიქტი რუსეთს და აშშ-ის მოკავშირე საქართველოს შორის 2008 წლის ნოემბრის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აქტიური ყოფილიყო. აგვისტოს ომის დაწყებამდე ბარაკ ობამა ჯონ მაკ-კეინს 11%-ით უსწრებდა, ხოლო ომის დღეებში განსხვავება 3%-მდე შემცირდა, რაც უკვე ცდომილების ზღვარია და მოგება ნებისმიერ კანდიდატს შეეძლო. თუმცა სააკაშვილმა 5 დღეში კაპიტულაცია გამოაცხადა და ობამამ დაკარგული პოზიციები აღიდგინა. 2008 წლის ავანტიურის გამო, ობამა სააკაშვილს 2 წელი არ ხვდებოდა და როცა შეხვდა, პირდაპირ უთხრა: მშვიდობიანი გზით უნდა წახვიდეო.

 

2006 წელს თითქოს რუსული ემბარგოს თემის გასანეიტრალებლად თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ფორმდება და ამით ადგილობრივ წარმოებას და სოფლის მეურნეობას ბოლომდე სპობენ. ამ შეთანხმების შედეგად, თურქეთი ჩვენს ბაზარზე ყოველწლიურად $2 მლრდ-ის პროდუქციას ყიდის, ხოლო ჩვენ თურქეთში 30-ჯერ ნაკლებს. თურქეთში ჩვენს პროდუქტს უბრალოდ არ უშვებენ და სხვადასხვა ბარიერებს უქმნიან. თავად კი შემოაქვთ სუბსიდირებული პროდუქცია, რომელიც წესით, საკომპენსაციო მოსაკრებელს ექვემდებარება ჩვენს საზღვარზე. ამავე ხელშეკრულების წყალობით და უმეცრებით, დახნული მიწების რაოდენობამ 2003 წლის 22% შეადგინა.

 

2008 წლის ომის შედეგები უფრო მძიმე უნდა ყოფილიყო საქართველოსთვის. ამერიკელებმა გვიშველეს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით გადაგვეფარნენ. იყო რეალური საფრთხე, რომ თბილისი და აღმოსავლეთ საქართველო ჩვენი აღარ ყოფილიყო, ხოლო რუსეთი თავის სამხედრო მოკავშირე სომხეთს პირდაპირ სახმელეთო საზღვრით შეუერთებოდა. სააკაშვილმა ტყუილად არ გადაიტანა პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო და თავისი რეზიდენცია დასავლეთ საქართველოში. ამერიკელები დიდ რისკზე წავიდნენ: „ჰერკულესებით“ ჩვენი საჰაერო სივრცე გადაუკეტეს რუსებს და დაბომბვები შეწყდა, ამერიკის მე-6 ფლოტი როგორც კი ბოსფორის სრუტეში შემოვიდა, რუსების ხომალდები კი ფოთიდან გაქრნენ. სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2004 წელს დაძაბა ურთიერთობა ცხინვალთან, ერგნეთის ბაზარი გააუქმა, ბლოკ-პოსტები დააყენა, ჩვენს სოფლებში იარაღი დააწყო - ერთი სიტყვით. ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თითქმის შემობრუნებული ოსები გაემწარებინა. ეს რუსული გეგმის ნაწილი იყო, რადგან 90-იანი წლების ბოლოს ცხინვალში შესვლა ქართული ავტოთი პრობლემა არ იყო. ოსები თბილისში ჩამოდიოდნენ, ლილოში დადიოდნენ სავაჭროდ. ერგნეთის ბაზრობაზე ქართველები და ოსები ერთად მუშაობდნენ. ოსების ერთ-ერთი მინისტრი (გვარს არ დავასახელებ, იქნებ გამოგვადგეს მომავალში) ქართულად მეუბნებოდა 2000 წელს: რამდენიმე საწარმო გაგვიხსენით. ხალხი რომ დავასაქმოთ და მოვაწერთ ხელს ერთად ყოფნასო. მეორე მინისტრი ჩვენი პრემიერის მისაღებში მხვდებოდა ხოლმე აუდიენციის რიგში. ცხინვალის პრეზიდენტი შევარდნაძესთან ჩავიდა ლიკანში და სთხოვდა. მოვაწეროთ ხელი შეთანხმებასო. სააკაშვილმა ეს ყველაფერი წყალში ჩაყარა და კრემლის საქმე გააკეთა. 2004 წელს სროლები ატყდა ცხინვალის რეგიონში, მაშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა მკაცრად გააფრთხილა სააკაშვილი არ გაებედა ძალის გამოყენება და დატუქსა კიდეც. 2008 წელს კონდოლიზა რაისმაც იგივე გაუმეორა, მაგრამ ტონი ისეთი მკაცრი არ იყო, როგორიც პაუელის შემთხვევაში და 2008 წლის სამხედრო ავანტიურამ მოიტანა სავალალო შედეგები. აგვისტოს ომით სააკაშვილმა ის პირობა შეუსრულა პუტინს, რომელიც აჭარის მოვლენების დროს მისცა: საქართველო არ გახდება NATO-ს წევრი და რუსეთი ლეგალურად განალაგებს სამხედრო ბაზებს საქართველოს ტერიტორიაზე. 2008 წლის 3 აპრილს NATO-ს ბუქარესტის სამიტმა ცალსახად დააფიქსირა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. რამდენიმე თვეში ბუქარესტის NATO-ს დეკლარაცია სააკაშვილმა ფარატინა ქაღალდად აქცია და 1999 წლის ეუთო-ს სამიტის მიერ გაყვანილი რუსული ბაზები დააბრუნა საქართველოში. ომის შედეგებია: რამდენიმემილიარდიანი ზარალი, ასობით დახოცილი, რომელთა ცხედრებს პატრიარქი აგროვებდა, გაუპატიურებული ქართველი გოგონები, ასობით გადამწვარი ქართული სოფელი, ათიათასობით დევნილი და გაუბედურებული ოჯახი, უბრძოლველად ჩაბარებული კოდორი და ახალგორი, განადგურებული სამხედრო ინფრასტრუქტურა, დასტრესილი ერი, რომელსაც ტელეეკრანიდან რუსული ჩექმის დანა-ჩანგლით დახვედრა ურჩიეს. სხვათა შორის, უკრაინის პატრიოტული ძალები დარწმუნებულნი არიან, რომ სააკაშვილი რუსულ თამაშს თამაშობს, რაც დადასტურდა მისი მილიარდერ კურჩენკოსთან გამჟღავნებული გარიგებით. კურჩენკო გაქცეული იანუკოვიჩის „მოლარე“ იყო, ამჟამად მოსკოვშია გახიზნული და რუსეთის სპეცსამსახურების 24-საათიანი დაცვის ქვეშაა.

 

სააკაშვილი უკრაინაში გაშიფრეს და მოღვაწეობა უსახელოდ დაასრულა. ბოლოს თმაში ხელი ჩაავლეს და ქვეყნიდან გასვეს, თანაც ისე, რომ მოსკოვთან სატელეფონო საუბრები საჯაროდ დაუდეს. საქართველოზე გადმოერთო და საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რუსი დიპლომატი ვაშაძე დაასახელა. წაგება არ აღიარა, თუმცა მიხვდა, რომ არჩევნების გზით ის ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, რადგან ხელისუფლება მისი კანდიდატის მიერ „ჯადოსნურად“ მიღებულ 800 000 ხმის წყაროს აუცილებლად გადაამოწმებს. სიმართლე რომ ითქვას, არჩევნების გზით ის არც არასდროს მოსულა, 2003 წელსაც გადატრიალება მოახდინა, თუმცა, მაშინ სხვა რეალობა იყო: შევარდნაძე ასაკში იყო, „რუსთავი 2“-ს ნდობა ჰქონდა და ხელისუფლების დეზორგანიზაცია ადვილად მოხერხდა მოსყიდვით თუ სხვა გზებით. დღეს სხვა რეალობაა: სააკაშვილის მედიარუპორს ხალხის ნდობა ნაკლები აქვს, სააკაშვილს სერიოზული ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები კეთროვანივით გვერდს უვლიან, თავად მისი ძველი მფარველიც კი ჯორჯ სოროსი ღიად ამბობს, რომ სააკაშვილი მისი შეცდომა იყო და რაც მთავარია, გადაღლილი, ორჯერ აფეთქებული და ასაკოვანი შევარდნაძის ნაცვლად ოპონენტად ბიძინა ივანიშვილი ჰყავს, რომელიც ფორმაშია და რესურსიც საკმარისი გააჩნია მის შესაჩერებლად. სააკაშვილი მაინც ეცდება, კვლავ ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება. სააკაშვილის ახალი გეგმით, უნდა მოხდეს ქართული დიასპორის მობილიზების იმიტაცია და რამდენიმე ათას კაცთან ერთად საქართველოს საზღვარს მოადგება. საქართველოს მხრიდანაც უნდა დახვდეს მომხრეთა და დაქირავებულთა 7-8-ათასიანი ჯგუფი, რომელიც მის უსაფრთხო გადმოყვანას და შემდგომ დაცვას უზრუნველყოფს. ამ გეგმით ხელისუფლებას 72 საათში დამხობას უპირებს. საინტერესო ამ გეგმაში ის არის, თუ რომელი საზღვრიდან შეეცდება შემოჭრას? შემოჭრის სცენარის რეალიზებას აუცილებლად სჭირდება იმ ქვეყნის თანხმობა, საიდანაც აქცია იქნება ჩატარებული. რუსეთი სავარაუდოდ უნდა გამოირიცხოს, რადგან მთელი შეთანხმებები გაიშიფრება. თურქეთიდან და სომხეთიდან მისი შემოსვლა რუსეთის მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია. თურქეთის და აშშ-ის გაუარესებული ურთიერთობების ფონზე შესაძლოა კრემლმა დაიყოლიოს ერდოღანი სააკაშვილისთვის კორიდორის მიცემაზე. აზერბაიჯანიდან თეორიულად დასაშვებია, რადგან ბაქომ დიდი სარგებელი ნახა სააკაშვილის მმართველობის დროს, თუმცა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ბრძენი კაცია და მსგავსი ავანტიურის მხარდაჭერა არ უნდა გარისკოს. ისიც უნდა ითქვას, რომ სააკაშვილს ყველა მეზობელი ლიდერი აბრიყვებდა და თავის სასარგებლო გადაწყვეტილებებს ადვილად აღწევდნენ, ამიტომ შემოჭრის აქცია ნებისმიერი მხრიდან არის შესაძლებელი. მსგავსი აქციის რეპეტიცია მან უკრაინაში უკვე ჩაატარა, თუმცა იქ სხვა რეალობა იყო და საზღვრის გარღვევა პოროშენკოსთან შეთანხმებულად მოხდა. მიზანი კი გახლდათ ოპოზიციური ხმების „გადმოქაჩვა“, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა და კვლევებით 1,34% ჰქონდა რეიტინგი. ამას ისიც დაემატა, რომ პოროშენკოს დაუდეს სააკაშვილის მოსკოვთან თანამშრომლობის მასალები და შედეგად ქვეყნიდან გააძევეს.

 

რა ელის „ოცნებას“

„ოცნებას“ დღეს ჰყავს ორი მაცოცხლებელი ძალა: ივანიშვილი და სააკაშვილი. 2012 წელს ივანიშვილის მიერ ჩატარებული მასტერ-კლასის დროს „ოცნება“ აერთიანებდა მეტ-ნაკლებად დასავლური პლატფორმის ყველა ძალას. ეს იყო ფართო სახალხო კოალიცია, რომელიც იყო გაერთიანებული არა პოლიტიკური იდეოლოგიის გარშემო, არამედ დასავლურ პლატფორმაზე ივანიშვილის გარშემო. დღეს ეს აღარ არის ფართო სახალხო გაერთიანება, შიგნით მოძლიერებულმა ჯგუფებმა განდევნეს, ვინც შეეძლოთ და მეორე რიგის გადაწყვეტილებების მიღების პროცესს იზოლირება გაუკეთეს, მათ შორის საკუთარი აქტივისგანაც. „ოცნებამ“ საყოველთაო ხასიათი დაკარგა, რაც მისი უმთავრესი კოზირი იყო. მოწინავე რიგებში ავტორიტეტების ნაცვლად, ადვილად სამართავი და გამოუცდელები ჩააყენეს. ადგილი აქვს ნებაყოფლობით იზოლაციას საზოგადოებისგან. არსებული ჯგუფები გავლენის გაძლიერებისთვის იბრძვიან პარტიის შიგნით და ეს პარტიისთვის დესტრუქციული პროცესია, რომელშიც ყველა წაგებული დარჩება. ამომრჩეველთან დიალოგი სუსტი და ფრაგმენტულია, კაბინეტურ პოლიტიკას კი მხოლოდ შემდგომი რეგრესი მოაქვს. ამ დესტრუქციულ პროცესებს აქვს თავისი მიზეზებიც: პარლამენტის კანონშემოქმედებითი და ზედამხედველობის ფუნქცია შესუსტებულია. კანონპროექტების აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობის შემოტანილია და პარლამენტი თავისას იშვიათად ქმნის. მინისტრებზე ზედამხედველობას ვერ ბედავენ. ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ საკუთარი პოზიციების დაცვის, საზოგადოებისთვის ახსნის, ახალი იდეების, პროექტების გენერირების და ამ იდეების კანონის სახით მიღების საჭიროება უგულებელყოფილია და ისინიც უფრო წვრილმანი საკითხებით ისაქმებენ თავს. „ოცნების“ დეპუტაციისთვის მინისტრები ხელშეუხებელი კასტაა და ესეც აზიანებს ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს. თავად მინისტრების უმრავლესობა ინიციატივის უფრთხის და პასუხისმგებლობის თავზე აღებას ერიდებიან. პოლიტიკის ექსპერტებსაც რომ ჰკითხო, ორი-სამი გუბერნატორის გვარზე მეტს ვერ დაგისახელებს, იგივე ითქმის მერებსა და გამგებლებზე. ცენტრი არ აძლევს პოლიტიკურ ფუნქციებს და ინიციატივების უფლებას ადგილობრივ ლიდერებს. იქამდეც მივიდა, რომ წინა პრემიერმა ადგილობრივ მმართველებს აუკრძალა ტენდერების ჩატარება ცენტრთან შეუთანხმებლად. ამ პირობებში ცენტრი ვერ აუდის გადაწყვეტილებებს და გადასაჭრელი საკითხები ჰაერშია გამოკიდული. ადგილობრივ ლიდერებს, დეპუტატებს კანონით მინიჭებული ფუნქციებიც რეალურად შეკვეცილი აქვთ, ისინი ვერ ხედავენ ხალხთან მისვლის აუცილებლობას, რადგან პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარება არ შეუძლიათ. ქვეყანა აშკარად საჭიროებს დეცენტრალიზაციას და ისტორიულ სამხარეო მოწყობაზე გადასვლას.

 

„ოცნება“ ერთი ლიდერის გარშემო ძალად ჩამოყალიბდა, რომელსაც ჰქონდა მნიშვნელოვანი ფუნქცია, შეეცვალა რეჟიმი და ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინა ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის საჭირო იდეების და რეფორმების გენერირების ფუნქცია, ყალიბდება ჩაკეტილ გაერთიანებად ძალაუფლებისთვის.

 

„ოცნება“ კვლავ ლიდერია

მიუხედავად რეგრესისა, „ოცნება“ კვლავ რჩება პირველ პოლიტიკურ ძალად. ამას კი თავისი მიზეზები აქვს: 1. ივანიშვილი უდავოდ გადამწყვეტი ფაქტორია ქართულ პოლიტიკაში და მიუხედავად ხეებზე ქილიკისა, მისი იმედი ხალხს აქვს, 2. ივანიშვილმა დაამკვიდრა სისტემური სიმშვიდე ქვეყანაში და ხალხს არ უწყობს ემოციურ სიურპრიზებს (გამონაკლისი: მარიხუანა), ხალხი კი დაინტერესებულია სიმშვიდის შენარჩუნებით. ცნობისათვის, უახლეს ისტორიაში გადაბმული 7-წლიანი სიმშვიდე ჯერ არ გვქონია 3. ივანიშვილი ხალხს რადიკალურ ცვლილებებს დაჰპირდა და ხალხიც მოლოდინის რეჟიმშია; 4. საგარეო ვითარება „ოცნებისთვის“ ხელსაყრელია. სააკაშვილს ამერიკაშიც, ევროპაშიც და რეგიონშიც სერიოზულად აღარ განიხილავენ. მისი აქტივაციის მცდელობები მხოლოდ რუსეთიდან ჩანს. 5. ერი გაიზარდა და უმრავლესობას პოპულისტურ-უტოპისტური დაპირებების აღარ სჯერა; 6. სტრატეგიული მოთმინების ტაქტიკაზე დაფუძნებული რუსეთთან ურთიერთობების მართვის სტილი ჯერჯერობით ამართლებს; 7. აბსოლუტურ უმრავლესობას სააკაშვილის მობრუნება არ სურს და ამის გარანტიად ივანიშვილს ხედავენ. 8. მიუხედავად სუსტი რეკლამისა, რაც გუნდს არაეფექტურ იმიჯს უქმნის, „ოცნება“ სადისტური მეთოდებით არ მოქმედებს. პოლიტიკური პროცესების მართვას კი ძირითადად ზნეობრივი ზღვარის ჩარჩოებში აგვარებს.

 

რადიკალური ოპოზიცია ვერ ახერხებს ახალი პოლიტიკური გეგმის წარდგენას და ქადაგებენ იმას, რაც ხალხს გუშინ აინტერესებდა და დღეს აღარ აინტერესებს. „ოცნებას“ აქვს შანსი, დაიჭიროს ახალი ტალღა, თუ წარმადგენს ხვალინდელი დღის ახალი ხედვას. ახალი ხედვა უნდა იყოს ხალხისთვის გასაგები და მისაღები. ხალხმა ზედმიწევნით იცის, რა უნდა, უბრალოდ ვერ ხერხდება ამ კოლექტიური სურვილის ფორმულირება. საზოგადოებრივი აზრის პროფესიონალური შესწავლა საქართველოში დღემდე პრობლემად რჩება და ქვეყანაში ვერ მოხერხდა თუნდაც ერთი ობიექტური კვლევის ცენტრის შექმნა.

 

„ოცნების“ წარმატების გასაღები პირველ რიგში ეკონომიკაშია

 

წარმატების ფორმულისთვის რამდენიმე ათეული რეფორმა და გადაწყვეტილებაა საჭირო, რისი ერთ სტატიაში აღწერა წარმოუდგენელია. დავასახელოთ მხოლოდ უმთავრესი. ყველა სოციალური, ჰუმანიტარული თუ ინფრასტრუქტურული წინსვლის გასაღები სწრაფად და მართებულად მზარდი ეკონომიკაა.

 

ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის საჭიროა იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლების სახელმწიფო პროგრამა. ეს ნიშნავს საწარმოების შექმნას და სამუშაო ადგილებს. წარმოებაში შექმნილი ერთი სამუშაო ადგილი კი ავტომატურად ქმნის 5-6 სამუშაო ადგილს მომიჯნავე სფეროებში. საჭიროა ბანკების საკრედიტო პორტფელის 30% წავიდეს წარმოების გრძელვადიან დაკრედიტებაზე. თავისუფალი ბაზრის პრინციპები, რომელსაც ჩვენ გვასწავლიან, უვიცებისთვისაა. ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი ამის მაგალითია. კბილებით იცავენ საკუთარ მწარმოებელს და გასაღების ბაზრებს. ზომიერი და გონიერი პროტექციონიზმი აუცილებელია. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები უნდა მოქმედებდეს ორივე მხარის სასარგებლოდ და არა ისე, როგორც თურქეთთან, როცა ჩვენს პროდუქტს არ ატარებენ.

 

ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის აუცილებელია ურბანიზაციის სახელმწიფო პროგრამა. საბჭოთა დროის კლიშე „სოფელი არ უნდა დაიცალოს“ მოძველდა. ვინც არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, ვურჩევ, თავად გადავიდნენ სოფელში საცხოვრებლად. ჩვენი გაქანების ქვეყანა კი ე.წ. ურბანიზებულ სოფელს მომავალი 25 წლის განმავლობაში ვერ შექმნის. ისრაელში მოსახლეობის მხოლოდ 8% ცხოვრობს სოფლად, ჰოლანდიაში 10%, საქართველოში კი 45%. მიჩნეულია, რომ მოსახლეობის ყოველი 1%-ის გადმოსვლა სოფლიდან ქალაქში ეკონომიკას ზრდის 2%-ით. უნდა მოხდეს თბილისის გარდა სხვა ქალაქების ორგანიზებული გამსხვილება სპეციალური ურბანული გეგმით, სადაც გათვლილი იქნება ყველა დეტალი და რაც მთავარია, ჩამოსული ხალხის დასაქმება.

 

ორგანიზებული ურბანიზაცია გამოიწვევს მიწის ფონდების გამსხვილებას, რაც მსხვილი აგროჰოლდინგების და აგროკოოპერაციების გაჩენის საფუძველს შექმნის. სოფლის მეურნეობას სჭირდება აგროპროდუქტის (მოსავლის) გარანტირებული შესყიდვების სქემა, რომელიც შესაძლებელია მსხვილი სავაჭრო სახლის (პირობითად „ქართული სახლი“) შექმნით. „ქართული სახლი“ ყოველი წლის დასაწყისში აცხადებს ფერმერებისგან აგროპროდუქციის შესყიდვის სამართლიან ჩასაბარებელ ფასებს, უზრუნველყოფს მიღებული პროდუქციის გადამუშავებას და ექსპორტზე გატანას. ამას უნდა მოჰყვეს წამახალისებელი ზომები სახელმწიფოსგან და „ქართული სახლის“ მიერ აგრო პროდუქტის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა. მსგავსი მიდგომით ფერმერი მიიღებს ფულს, რომელიც ეკონომიკაში დატრიალდება, ქვეყანა მიიღებს ვალუტას, სახნავ-სათესი ფართობები გაიზრდება, განვითარდება კვების მრეწველობა. წვრილი ფერმერისთვის რთულია გაიტანოს თავისი 10 ან 20 ტონა უცხოეთში გასაყიდად. მსხვილი სავაჭრო სახლისთვის კი ეს პრობლემა არ იქნება.

 

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პროგრესული სქემა საშუალებას იძლევა დაბალშემოსავლიან და სოციალურად დაუცველ ფენებს მეტი ყურადღება მიექცეს. პროგრესული სქემით მდიდარი იხდის მეტს და ღარიბი ნაკლებს. საქართველოს „ჯინის ინდექსის“ ცუდი მაჩვენებელი აქვს, რაც ნიშნავს, რომ შექმნილი დოვლათი სამართლიანად არ ნაწილდება მოსახლეობაზე. მოგების გადასახადის გადავადება არ უნდა შეეხოს ფინანსურ ინსტიტუციებს და უმჯობესია შეეხოს წვრილ და საშუალო ბიზნესს, წარმოებას და მომსახურების სფეროებს. საბანკო სფეროს ცალკე რეფორმა სჭირდება, დღემდე ეროვნული ბანკი და წინა მთავრობაც ძირითადად ბანკებს ემსახურებოდა. არაპროფილური ბიზნესის წარმოება ბანკებს უბრალოდ უნდა აეკრძალოთ. საწვავზე გადასახადები, განსაკუთრებით დიზელზე, უნდა შემცირდეს. სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა კვლავ უნდა გაიზარდოს, სწორედ ეს გზა გამოიყენა აშშ-მ 2009 წლის ეკონომიკური კრიზის დასაძლევად. მაშინ ობამას ადმინისტრაციამ დაბალშემოსავლიან ფენას ორ-ორი ათასი დოლარი დაურიგა, ეს ფული დატრიალდა ეკონომიკაში და დაიწყო აღმასვლა, დაახლოებით 30 მილიონამდე ადამიანმა მიიღო ეს დახმარება აშშ-ში. მიზნობრივი ენერგოვაუჩერების თემაც იმავე შედეგს მოიტანს. დღეს ხალხში ფული არ არის და ამის გამო უჭირს ყველას, მათ შორის ბიზნესსაც. 90-იანი წლების მიგრაციით და 2004-2013 წლებში 700 000-იანი კლებით კატასტროფული დემოგრაფიული სიტუაცია მივიღეთ. 2014 წლიდან დღემდე კი მოკრძალებული 100 000 ზრდა დაფიქსირდა. აუცილებელია შობადობის წახალისება მატერიალურად.

 

თბილისმა უნდა გადასცეს მეტი უფლებები რეგიონებს. საჭიროა დეცენტრალიზაცია. საბჭოური რაიონული დაყოფა აუცილებელია შეიცვალოს ისტორიული მხარეებით, სადაც რეგიონს ექნება ერთიანი ბიუჯეტი და განვითარების დეტალური გეგმა. გუბერნატორების უფლებები უნდა გაიზარდოს, თუმცა უნდა გაიზარდოს მათი კონტროლის მექანიზმებიც.

 

საერთაშორისო და რეგიონალური პროექტებიდან აუცილებელია თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება შავი ზღვის ნაპირზე, რომელიც შავი ზღვის აუზის ქვეყნებს საწვავით მოამარაგებს. ასეთი ქარხანა საშუალებას მოგვცემს დავზოგოთ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ყოველწლიურად, საკუთარი საავიაციო ნავთით განვავითაროთ ავიაცია და საჰაერო ტრანზიტის ჰაბი. ადგილობრივი საწვავი კარგი საფუძველი იქნება სოფლის მეურნეობის და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის. თურქმენეთიდან ბუნებრივი აირის მილსადენით ტრანზიტი და თხევადი სახით უკრაინისთვის მიწოდება უფასო და იაფი გაზით საქართველოს მომარაგებას უზრუნველყოფს, რაც საწარმოო სიმძლავრეებს და სასათბურე მეურნეობას განვითარებს. სააკაშვილი მიერ რუსეთის სასარგებლოდ გაჩერებული „აბრეშუმის გზის“ სატრანსპორტო პროექტის ქართული ნაწილის რეანიმაცია აუცილებელია. ბათუმში საერთაშორისო სპეციალური ფინანსური ზონის შექმნა მოიზიდავს დიდძალ ფულს რეგიონის ქვეყნებიდან, რომლის მცირე ნაწილის, თუნდაც 2-3%-ის საქართველოში დაბალი პროცენტით კრედიტებად გამოყენება დამატებით ბიძგს მისცემს აჭარის და მთლიანად საქართველოს განვითარებას. ქუთაისის ტექნოლოგიების და განათლების რეგიონალურ ცენტრად გადაქცევა საშუალებას მოგვცემს, ტექნოლოგიების და განათლების ექსპორტი ვაწარმოოთ, თბილისში მედიცინის და განათლების კიდევ უფრო განვითარება საშუალებას მოგვცემს მედიცინის და სამედიცინო განათლების ექსპორტის. სამეგრელო უნდა გახდეს „აბრეშუმის გზის“ უმსხვილესი კვანძი, მეცნიერების და კულტურის მძლავრი ცენტრი და ასე თითოეულ რეგიონს უნდა მოეძებნოს თავისი ფუნქცია და განვითარების სტრატეგია.

 

საჭიროა განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი დეტალური გეგმების წარდგენა ხალხისთვის, იმპორტიორების სამართლიანი კონტროლი, რომლებიც ხშირად დემპინგს მიმართავენ და სუბსიდირებული პროდუქტით ადგილობრივ წარმოებას აზრს უკარგავენ. ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები 5-6 წელიწადში ეკონომიკას გააორმაგებს და ქვეყანა რეალურად დააკაკუნებს ევროკავშირის კარზე. გაჩნდება რესურსი განათლების, მედიცინის, სოციალური სფეროს, მეცნიერების, არმიის, სოფლის მეურნეობის, სპორტის, განვითარებისთვის. მსგავსი ან უკეთესი გეგმის ხალხისთვის წარდგენის და განხორციელების შემთხვევაში „ოცნებას“ დიდი ხანი ალტერნატივა არ ეყოლება.

 

 

ავტორი: ირაკლი გოგავა

 

ირაკლი გოგავა - ყოფილი პარლამენტარი და საპარლამენტო ფრაქცია „ალიანსი ახალი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე. მუშაობდა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორად ერაყში, სადაც ერაყის პრეზიდენტის და პარლამენტის რეფორმებს უძღვებოდა. იყო უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მრჩეველი. მუშაობდა პოლიტიკური კონსალტინგის ცნობილ ამერიკულ კომპანიებში: Burson-Marsteller, Penn, Shoen, Berland, Wooden Horse Strategies. 2018 წელს ამერიკული ორგანიზაციის მიწვევით იმყოფებოდა უკრაინაში, სადაც კონსულტაციებს უწევდა უკრაინის მთავრობას და ჯანდაცვის მინისტრს. ამჟამად არასამთავრობო ცენტრის „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ დირექტორია.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner