logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: 1925 წლის 9 თებერვალს ლეგენდარული ჟურნალისტი ვალენტინ ზორინი დაიბადა
- +

9 თებერვალი. 2019. 17:48

 

„სამწუხაროდ, რუსულ ინტელიგენციას დასჩემდა ტრადიცია, რომ თუ ყველაფერში ეთანხმები ხელისუფლებას და არ აკრიტიკებ მას, ესე იგი არა ხარ ინტელიგენტი. მხოლოდ ამ გაგებით, არც მე ვარ ინტელიგენტი, მე ვარ პროფესიონალი პოლიტოლოგი და არა პროპაგანდისტი...“

 

1925 წლის 9 თებერვალს დაიბადა ლეგენდარული ჟურნალისტი, „საერთაშორისო პანორამისა“ და „მე-9 სტუდიის“ შეუდარებელი წამყვანი და პოლიტმიმომხილველი, ყველაზე ცნობილი ამერიკანისტი და პოლიტოლოგი ვალენტინ ზორინი, რომლის უზადო ჟურნალისტურ-დიპლომატიურ „ხერხებს“ ემატებოდა უმაღლესი დონის ლავირების ნიჭი, რომლის მეშვეობითაც მას შეეძლო თანაბარი წარმატებით გამოენახა საერთო ენა როგორც ზესახელმწიფოთა ლიდერებთან და პოლიტიკოსებთან, ისე „არასახელმწიფოებრივ“ წარმონაქმნებთან. მან აიღო ინტერვიუ აშშ-ის 5 პრეზიდენტისგან, აგრეთვე ყველაზე დიდი ქალი-პოლიტიკოსებისგან - მარგარეტ ტეტჩერისა და ინდირა განდისგან. ზორინი იყო და დღემდე არის ერთადერთი ჟურნალისტი, ვინც შეძლო ტელეინტერვიუს აღება „უდიდესი ურჩხულისგან „კუ-კლუქს-კლანისგან“.

 

მრავალ ადამიანს, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებს, უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა იმ დროის „ანტისოვეტჩიკის“ ვალენტინ ზორინის საოცრად საინტერესო წიგნების კითხვა, თანაც საბჭოეთის პირობებში, რაც საკმაოდ „უცხო ხილი“ იყო: „უცნობი ამერიკა“, „მისტერ მილიარდერები“, „წინააღმდეგობრივი ამერიკა“, „უცნობი ფაქტები ნაცნობზე“, „70-იანი წლების ამერიკა“, „ამერიკის უგვირგვინო მეფეები“…

 

ყველასთვის ცნობილია ლეგენდა პოლიტიკის ორი „ვეშაპის“ - ვალენტინ ზორინისა და ჰენრი კისინჯერის - „დიალოგის“ შესახებ: კისინჯერი შეეკითხა ზორინს - „ებრაელი ხარ“, ზორინმა უპასუხა -, „არა, რუსი“. „მე კი ამერიკელი“, - დაურტყა კისინჯერმა.

ზევით ციტირებული მისი გამონათქვამი ასე მთავრდება: „მე შემიძლია, გარკვეულ წრეებში გამოვიდე და მათი გულის მოსაგებად ხელისუფლება გავაკრიტიკო, მაგრამ ეს არაპროფესიონალური ნაბიჯი იქნება ჩემგან. მე საგარეო პოლიტიკის პროფესიონალი ვარ“.

 

ვალენტინ ზორინი გარდაიცვალა 2016 წელს, 91 წლის ასაკში. ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი წერდა: „А Зорин здесь тихий“, რაც ცნობილი რუსი მწერლის ბორის ვასილიევის უცნობილესი ნაწარმოების „А зори здесь тихие…“-ს ერთგვარი კალამბურია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner