ის არაფერს ერიდება – „კრიშაზე“ ადის, ორ ზვიგენს „ებრძვის“, როცა უნდა, 10 მილიარდი აქვს, როცა უნდა „გაღლეტილია“.
ის „უბელო ცხენიცაა“, „ჩერდაკშიც“ ცხოვრობდა და „ჩერდაკს“ გარეთაც.
და, როცა უკრაინული მედია წერდა, რომ მან „9 მილიონი გრივნა შეჭამა“, ხოლო უკრაინელმა ჟურნალისტმა ჰკითხა: „ლვოვში ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრობთ, უკრაინის მასშტაბით მოგზაურობთ, პოლიტიკური პარტია გაქვთ, რა თანხებით ახერხებთ ამას?“ თვალიც არ დაუხამხამებია, არც გაწითლებულა ისე „ჩამოაჭიკჭიკა“: „პირველი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე არ ვარ. მეორე – მოკრძალებულად და ნორმალურად ვცხოვრობ და მესამე, არ მაქვს არავითარი უკანონო შემოსავალი. არასდროს არ მქონია არცერთი ბიზნესი, არც ერთ ჩემს ნათესავს ბიზნესი არასდროს არ ჰქონია და არ აქვს. ჩემი ოჯახის წევრებს კარგი ხელფასი აქვთ, ბებიაჩემი მუშაობს, დედაჩემი მუშაობს, მეუღლე მუშაობს, მეც ვმუშაობდი, თქვენი კოლეგა ვიყავი ტელევიზიაში. ერთ ლექციაში შემიძლია მივიღო იმდენი, რამდენსაც ისინი ლეგალურად არც იღებენ. თავის გატანის პრობლემა არ მაქვს. ფუფუნებაში არ ვცხოვრობ და არასდროს მივისწრაფოდი ფუფუნებისკენ“.
ჰო, მას არაფერი დაუშავებია და მაგალითად, საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე, დოქტორ დოტის ნაკბენი, ფუფუნება კი არა, ჯანმრთელობა იყო, კი, ნამდვილად ასეა.
ის საქართველოდან წავიდა, უფრო სწორად, „პარაშუტით გაუშვეს“ – დოქტორი დოტი იქით იყოს და საზღვრის გადაკვეთამდე არავინ არაფერზე, არც ერთ სერიოზულ დანაშაულზე, არ მოსთხოვა პასუხი. წავიდა და ვეძებთო, მიუსაჯეს კიდეც და „ორი პალტო“ და „სამი კასტუმი“ აჰკიდეს „გალსტუკჭამიას“.
წავიდა და დიახ, „შეუტიეს“.
შემდეგ დაიწყო – „ფეხებს ვერ მომჭამთ“. არც ეცადნენ, ვის რაში სჭირდებოდა მაგის ფეხები, საფრთხობელად აქციეს – ოღონდ მიშა არა და, თქვენ იყავითო, – ხალხმა.
„მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში. მე არ ჩავუგდებ მას სამუდამოდ ამ მაფიას ხელში, მაფიის თარეში უნდა დასრულდეს. საქართველო უნდა გათავისუფლდეს და ამოისუნთქოს შვებით“, – და მიუხედავად იმისა, რომ მას ყველა „დევნის“, „ებრძვის“, „იმიტომ რომ“ „მსოფლიო მასშტაბისაა“ და მისი შურთ, დადის, დაფრინავს, ხოხავს – მერე რა, რომ, ვთქვათ, ტრამპმა ინაუგურაციაზე არ მიიწვია, ის მაინც „იქ იყო“, თეთრ სახლში არა, მაგრამ თეთრი სახლთან ახლოს, „ყველაზე მაღალხარისხიან“ ბუნკერთან…
მოკლედ, ბევრი იარა თუ ცოტა, ლიეჟში „მოახდინა ზღართანი“ – გუშინ, ევროპის გულში, ერთ სასახლეში, დემოკრატიის ორი აკვანი დაირწა: მარჯვნივ ემიგრანტი და არაემიგრანტი „მიჰისტები“, მარცხნივ ლგბტ-ები. მარჯვნივ არასასურველი მშობლების ბავშვებს წიწაკის სპრეი შეასხეს თვალებში, მარცხნივ – „ცეკვავდნენ და მღეროდნენ ისინი“.
„მარჯვნივ“ „სტუმრები“ გააფრთხილეს: „მეგობრებო, აუცილებლად გაეცანით და გაითვალისწინეთ: 1. რეგისტრაციის გავლა დაიწყება და დარბაზის კარები გაიღება 16:00 საათზე; 2. მანქანებისთვის გვაქვს პარკინგზე 150 ადგილი. დაცვას უთხარით პაროლი, ჯადოსნური სიტყვა – georgie; 3. დარბაზში არ იყიდება არც წყალი და არც საკვები (ეს არის სასახლის წესები და პოლიტიკა), გირჩევთ, თან იქონიოთ წყალი, ან მოგიწევთ სიარული ახლომახლო სასტუმროსა და რესტორნებში; 4. უმკაცრესად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები და ვინმეს თუ რამე სისულელე აქვს ჩაფიქრებული, დაჟინებით ვურჩევთ, თავიდან ამოიგდოს და შემოუერთდეს ჩვენს საერთო ქართულ ზეიმს“.
საყვარლები, დაჟინებული მზერით „არჩენენ ბუასილს“.
მართალია, 700-კაციანი დარბაზი ვერ შეავსო და „მარცხნივ“ ხუთჯერ შვიდასი „გუგუნებდა“, მაგრამ, ერთმა, – მიშა რასაც მეტყვის, ყველაფერს გავუკეთებო; მეორემ, – ჩემი გმირი გიწოდეო; მესამე კი - აი, ის, ქერათმიანი, ყველაზე მეტს რომ ყვიროდა, იცნეს: აი, ეგ, ქერათმიანი, ხაზარაძის მარჯვენა ხელის ბუცხრიკიძის ღვიძლი ბიძაშვილია… მხოლოდ ეგ ორი სიტყვა ისწავლა 15 წელიწადში… რაც თავი მახსოვს, იმერეთის მხარის დეპუტატობას ჰპირდებიან და აი, ეგრე იწელება ჭიაყელასავით. აი, ახლა რომ მომკლათ, ვერ დამარწმუნებთ, რომ მაგ ფინანსებში „თიბისის“ ჩრდილოვანი ნაწილი არ ურევია და მხოლოდ მიშას გადასახდელია ის 200 ათასი ევრო.
მხოლოდ მეოთხემ თქვა სიმართლე – მიშა, შენ ჩემი სიზმარი ხარო.
ჩვენი სიზმარა…
ოცნებაც და სიზმარიც იქით იყოს – „ფუფუნების საგანია“, განა ყველა შეძლებს, „ამდენი დალიოს“ და აი, იმ ვაშაძემ, რჩეულმა რჩეულთა შორის, რომელიც თურმე საბჭოთა გადმონაშთი სულაც არაა და გუშინ დარბაზის „მარცხენასა და მარჯვენაშიც“, ორივეგან, სინათლე იყო (ანათებდა) – „ყელში ამოვიდა ეს თქვენი განსხვავებული აზრიო“, – ლიეჟში გადარჩა და რომში თუ ვერ „გადაყლაპავს“, რომს იქით „ბელადი“ „რჩეულის“ გარეშე განაგრძობს გზას.
განსხვავებულ აზრზე გამახსენდა: თემურ შაშიაშვილმა - ლიეჟში მივდივარო და „ისინი“ დამუნჯდნენ, „ამათ“ გალანძღეს. მივიდა და დარბაზიდან გამოსულს „ესენი“ აქებენ, „ისინი“ აგინებენ. თავად შაშიაშვილმა „დეპეშა“ აფრინა ევროპის გულიდან: „პასუხი გონებადაკარგულ მიშისტებს, რომელთაც ჩემი ლანძღვა-გინებით გაავსეს ფბ-ის საკუთარი გვერდები. ამ საქმეში ეკა ხერხეულიძე პირველობს – ბედნიერი ვარ, ეს ქალბატონი და მისი მსგავსნი რომ მაძაგებენ. უბედურება ქება იქნებოდა მათგან, ჩემი ქება. როგორ მეცოდებით… მიშა სააკაშვილის მომხრე რომ მაკრიტიკებს, ეს ბედნიერებაა ჩემთვის. საქართველოს ბედნიერება კი იქნება ქართული პოლიტიკა სააკაშვილისა და ივანიშვილის გარეშე. ვერც კი აცნობიერებთ, რას წერთ და რა ენით წერთ. თუ ასეთი ცუდი ვარ, რამ შეგაშინათ 500 კაცი… ჯერ თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკი მოიკითხეთ, 80 წლის მაკ-კეინს ეთაყვანებოდით და საქართველოში 60 და 65 წლის კაცი აღარ გინდათ ცოცხალი იყოს. „კგბ“ მიშა სააკაშვილთან და გრიგოლ ვაშაძესთან მოიკითხეთ. „კგბ“-ს გენერალ ლავროვის ხელის ბიჭი ნაყოფია გაფინანსებთ და სხვებზე ლაპარაკობთ. თქვენი მიშა დამიჯდეს დებატებში და თქვენ ფაქტებით დაინახავთ, ვინ არის ის და ვის ემსახურება. მლანძღეთ, რამდენიც გინდათ. თქვენი ენით არ დაგელაპარაკებით. სიკეთე გქონდეთ!“
სიკეთე კი არადააა….
მიჰამ - გაზაფხულს მაინც ვერ მოვიყვანო: „რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში ჩავდივართ, მაგრამ მინდა გკითხოთ: ახლა დღეს რომ წავიდეთ ყველა ერთად, არის მომზადებული სიტუაცია?! დღეს სიტუაცია არ არის მზად, მაგრამ თუ სიტუაცია დღეს არ არის მზად, უახლოეს კვირებსა და თვეებში ჩვენ ეს უნდა მოვამზადოთ. არ შეიძლება, აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას. არ შეიძლება, წყნარად უყურო იმ ბავშვის მოკვლას, რომელიც შობე და გაზარდე. ამიტომ არჩევანი ძალიან მარტივია – ჩვენ ყოველდღიურად გვართმევენ საქართველოს ნაწილს“ და ქართველ ემიგრანტებთან მორიგ შეხვედრას რომში გავმართავო: „საქართველო აუცილებლად გაიმართება წელში. ისევ შეახსენებს მსოფლიოს, რომ არსებობს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან წმინდა გიორგი არსად არ წასულა, იგი იქნება ჩვენი მფარველი. ბოროტება აუცილებლად დამარცხდება სიკეთესთან, სინათლე აუცილებლად გაიმარჯვებს სიბნელეზე და ჩვენ ყველანი აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენთან სახლში. ყველაფერი აუცილებლად გამოგვივა. ნურაფრის შეგეშინდებათ. ეს მსოფლიო კრებების მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი შემდეგი შეკრება იქნება იტალიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ. შემდეგი მთავარი შეკრება აუცილებლად იქნება თბილისში, რუსთაველზე. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ყველანი დავირაზმებით. ყველა გზა მიდის თბილისისკენ, გამარჯვებისკენ და საქართველოს მომავლისკენ“, – ეკლესიის დამარბეველი რომ წმ. გიორგის მოუხმობს, იქ იწყება თავდავიწყება.
აი, ამას ჰქვია მიგნება: აქამდე „კრიშაზე“ იჯდა, მერე ორ ზვიგენს „ებრძოდა“, ხან „გაღლეტილი“ იყო, ხან „გასაღლეტი“, დღეს კი კრუიზით მოგზაურობა „ეჯღანება“, თავის 500-კაციანი „ჰარამხანით“… ემიგრანტების იმ ფულით, მოხუცების მოვლისათვის რომ უხდიან დამქირავებლები დაქირავებულს.
არადა, ფუფუნება არ მიყვარსო, არც სხვის ხარჯზე ცხოვრებაო…
კი, ნამდვილად „მძიმეა მონომახის ქუდი“ და გზა საოცრად „ბრწყინვალე“ „მოდელირებული ქრონიკიდან“ „ალტერნატიულ მთავრობამდე“.
ავტორი: დარეჯან მეფარიშვილი