logo_geo
eng_logo
ბაბლუანების ინიციატივით, თბილისში ქართულ-ფრანგული კინოხელოვნების სკოლა გაიხსნება
- +

11 თებერვალი. 2019. 13:20

 

 

მამა-შვილი თემურ და გელა ბაბლუანები ახალ პროექტზე მუშაობენ. მათი ინიციატივით, თბილისში ქართულ-ფრანგული კინოხელოვნების სკოლას ჩაეყრება საფუძველი და ის ფრანგული კინოაკადემიის „ესეკის“ ანალოგი იქნება.

 

ოჯახთან ერთად მულტიფუნქციური სკოლის მშენებლობის პროცესში ჩართულია გელა ბაბლუანის მეგობარი, იურისტი და კინოინვესტიციების მოზიდვების სპეციალისტი იუბერ კაიარდიც. სწორედ კაიარდთან ერთად გადაიღო გელა ბაბლუანმა ამერიკასა და ევროპაში აღიარებული, ლეგენდარული „13“, „მემკვიდრეობა“ და „ფული“.

 

უძველესი ფრანგული კინოაკადემიის „ესეკის“ გარდა, ბაბლუანების მომავალ კინოსკოლასთან თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვეს მსოფლიოში უდიდესმა კინოტექნიკის გამქირავებელმა და მწარმოებელმა კომპანიებმა „პავიოზნმა“ და „არიფლიქსმაც“.

 

ინტერნაციონალური პროფესიული სასწავლებელი ყოველწლიურად 300-მდე ქართველ და ევროპელ სტუდენტებს მიიღებს. 4 000 კვადრატული მეტრის ფართობზე კინოაკადემიის ცენტრალური სასწავლებელი, ადმინისტრაციული და ტექნიკური შენობები, სტუდენტების საცხოვრებელი, მოწვეული პედაგოგებისთვის სასტუმრო, კინობაზა - ორი გადასაღები პავილიონი, ასევე ტენისისა და კალათბურთის მოედნები აშენდება.

 

სტუდენტებს წლის განმავლობაში მასტერკლასებს 4-5 ცნობილი რეჟისორი ჩაუტარებს. ქართულ-ფრანგულ მულტიფუნქციურ სკოლაში სტუდენტები 17-მდე სპეციალობას დაეუფლებიან, მათ შორის რეჟისურას, პროდიუსინგს, მარკეტინგსა და კომუნიკაციებს.  როგორც ბაბლუანები აცხადებენ, გამორჩეულ და ნიჭიერ სტუდენტებს სწავლას სკოლა დაუფინანსებს. 

 

კინოხელოვნების სკოლის კონცეფციას მამასთან და ძმასთან ერთად ოლგა ბაბლუანიც ქმნის. ის კომუნიკაციების დაგეგმვასა და მედიაში შეძენილი გამოცდილების კინოხელოვნების სკოლის სტუდენტებისთვის გაზიარებას გეგმავს.  

 

კავკასიის რეგიონული კინოსკოლის მშენებლობა წელს განახლდება და 2020 წელს სტუდენტთა პირველ ნაკადს მიიღებს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner