logo_geo
eng_logo
ეჭვები ხოხბისა და მიმინოს პირველ თბილისელობაზე: ფაქტები, რომლებიც შესაძლოა, არ იცოდეთ
- +

11 თებერვალი. 2019. 17:19

 

 

თბილისის დაარსების ისტორია-ლეგენდა ჩვენში პატარა ბავშვმაც კი იცის. პირველ თბილისელობაზე ხომ დიდი გაწამაწიაა ატეხილი, ხუმრობენ კიდეც, პირველი და ძირძველი თბილისელები გორგასლის მიმინო და ხოხობი არიანო.

 

ახლა, მოდით, ცოტა ისტორიაშიც ჩავიხედოთ და ვარაუდიც გამოვთქვათ ქალაქის აღმომჩენის, დამაარსებლისა და აღმშენებლის შესახებ.

 

არქეოლოგიური გათხრები გვეუბნება, რომ  თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულში. უძველესი წყარო, რომელშიც თბილისია  მოხსენიებული, განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის მმართველობისას ციხე ააგეს.

 

შემდეგ იწყება სპარს მაზდეანთა ბატონობა და მეოთხე  საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის - პიტიახშის რეზიდენცია ხდება. V საუკუნის შუა წლებიდან კი კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა - და ეს უკვე ვახტანგ გორგასლის პერიოდია.

 

ჩვენი დღევანდელი დედაქალაქის მიდამოებში სპარსთა დიდი ლაშქრისა და ვახტანგ მეფის სპის დაპირისპირება მომხდარა, რაზეც გორგასლის მემატიანე ჯუანშერი გვამცნობს:

 

„და აღიყარა მეფე სპარსთაი და უკუდგა რუსთავად. და გადმოვიდეს იგინი განთიად და დადგეს ველსა კალისასა, ხოლო ტფილისი სოფელი და კალაი მოოხრებულ იყო მაშინ... და მოეახლან სპარსთა მეფე გორგასალსა ლაშქრით თვისით ტფილისად...“

 

ჯუანშერი, ქართველი ისტორიკოსი; „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, მიეკუთვნება ამ კრებულში შესული V-VIII საუკუნეების ამსახველი თხზულება ვახტანგ გორგასლის მეფობიდან არჩილის მეფობის ჩათვლით - „ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა“ და, შესაძლოა „წამება წმიდისა და დიდებულისა არჩილისი“.

 

თუ კარგად დავაკვირდებით, აქ ტფილისი სოფლად არის მოხსენებული, ხოლო კალა - ცალკე ტერიტორიულ ერთეულად. ის, რომ ნამდვილად ვახტანგ მეფემ გადაწყვიტა, აქ დედაქალაქი გადმოეტანა, ეჭვს არ იწვევს; რაც შეეხება ლეგენდებს, ცხელ წყალში გაფუფქული ხოხობ-მიმინოსა თუ გოგირდის წყლით განკურნებულ შველს - ეს დიდი მეფის ჩანაფიქრის ლამაზი გამართლება უფრო მგონია, ვიდრე რეალობა.

 

სინამდვილეში ვახტანგ გორგასლის გადაწყვეტილებას სამხედრო სტრატეგიული საფუძველი გააჩნდა. მოდით, ჩვენც ამ კუთხით შევხედოთ:

 

მდინარე მტკვარი სამი მხრიდან მთებითაა შემოზღუდული: აღმოსავლეთით - მახათას მთა, სამხრეთით - სოლოლაკის მთა, დასავლეთით - მთაწმინდა. მხოლოდ ჩრდილოეთი მხარე იყო შედარებით გაშლილი. უკეთეს ბუნებრივ თავდაცვით სიმაგრეზე  ვერც იოცნებებდა მუდმივად ომებში ჩაფლული ჩვენი გმირი მეფე.

 

 

თბილისი ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან - დრონით გადაღებული კადრები

 

არქეოლოგიური მასალები მოწმობს, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე იყო ის დასახლებაც, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე რომ არსებობდა, და ამ ადგილზევე გადიოდა სავაჭრო-სანაოსნო და საქარავნო გზები.

 

მეისტორიე ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ ვახტანგ მეფემ თავის ძეს, დაჩის, ანდერძად დაუბარა აქ ქალაქის გაშენება და დედაქალაქის მცხეთიდან ტფილისში გადმოტანა.

 

„…ამან დაჩი მეფემან… შემდგომად სიკვდილისა ვახტანგისა… განასრულნა ზღუდენი ტფილისისანი და ვითა ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა სახლად სამეფოდ“.

 

VI საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ისტორიკოსი თეოფანე პირდაპირ მიუთითებს, „იბერთა დედაქალაქი თბილისი არისო“.

 

თავდაპირველად თბილისი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: კალა და საკუთრივ თბილისი. შემდეგში მესამე უბანიც მიემატა - ისანი. აქედან: კალა მოიცავდა სიონისა და ნარიყალას მიდამოს, ისანი - დღევანდელი მეტეხის ციხის უბანს, ხოლო ტფილისი - აბანოების უბანს.

 

ქალაქის შემდგომი ისტორიით თავს აღარ შეგაწყენთ, მხოლოდ ერთ მომენტს გავიხსენებ.

 

მეთერთმეტე საუკუნეში, ანუ არაბი დამპყრობლების ეპოქაში, კერძოდ კი 1045 წლიდან ქალაქს წარჩინებულ  უხუცესთა საბჭო განაგებდა. მასში შედიოდნენ როგორც არაბები, ისე ქართველები და სხვა სჯულისა თუ ეროვნების წარმომადგენლები. ანუ ეს ერთგვარი პარლამენტი გახლდათ - თანაც, ევროპაზე კარგა ხნით ადრე.

 

1068 წელს თბილისი თურქ-სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა დალაშქრა და დაიკავა. XI საუკუნის 80-იანი წლებიდან ქალაქს ისევ უხუცესთა საბჭოს მართავდა და ასე იყო მანამ, სანამ დავით აღმაშენებელმა არ შეუერთა დანარჩენ საქართველოს.

 

არ მინდა ისე გამიგოთ, თითქოს თბილისის დაარსების ულამაზესი ლეგენდის წინააღმდეგი ვიყო; არც დიდი ვახტანგ გორგასლის ღვაწლის დაკნინებას ვცდილობ. უბრალოდ გაგაცნობთ ისტორიულ ფაქტებს, რომლებიც, შესაძლოა, ზოგი თქვენგანის მხედველობის არეში არ მოხვედრილა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner