logo_geo
eng_logo
შსს-მ თბილისში „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილე 5 პირი დააკავა
- +

11 თებერვალი. 2019. 18:47

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ე.წ. „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილე 5 პირი დააკავა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას. ჩვენი მიზანია ქვეყანაში „ქურდული სამყაროსა“ და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრა.

 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.რ, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ს., 1980 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.მ., 1948 წელს დაბადებული შ.ქ. და 1975 წელს დაბადებული მ.კ.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოქალაქე მ.კ.-სა და ბიზნესმენ ჯ.მ.-ს შორის არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული შეკრება“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კრიმინალური სამყაროს წევრები: შ.ქ., მ.კ., ი.მ., ლ.ს. და ი.რ.

 

ამავე შეკრებაში, ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით ჩაერთო 2016 წლიდან ინტერპოლის მიერ ძებნილი, ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ სულხან ჯაფარიძე (წარსულში სულხან თვალჭრელიძე), რომელმაც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მხარეებს შორის უთანხმოება „ქურდული წესებით“ გადაწყვიტა.

 

სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დასახელებული ქურდული შეკრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განხორციელდა.

 

ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ 5-ვე პირი მიმდინარე წლის 11 თებერვალს თბილისში დააკავა. ინტერპოლით ძებნილ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდ“ სულხან ჯაფარიძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

 

პოლიციამ თბილისში, დაკავებულების საცხოვრებელი ბინებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა ტიპის, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

 

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის I ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის II ნაწილით, 2232-ე მუხლით და 2233-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს“, - განაცხადა საბანაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner