შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გიორგი დ. ქურდობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთში, „თი ბი სი" ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა, საიდანაც 1 985 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა გიორგი დ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მოპარული ფული და დანაშაულის ჩადენის ხელსაწყოები - სახრახნისი, ჩაქუჩი, ბრტყელტუჩა და ძალაყინი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).