logo_geo
eng_logo
საქართველომ „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ წლის რეიტინგში მე-18-დან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა
- +

12 თებერვალი. 2019. 12:47

 

ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი, წინა წელთან შედარებით, ორი ადგილით გაუმჯობესდა და მე-18 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა ევროპის 46 ქვეყანას შორის. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, 2019 წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა 1.98 პუნქტით გაუმჯობესდა და 71.0 ქულა შეადგინა.

 

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი ქვეყნების შეფასების წყაროდ იყენებს მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთებისა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ რეიტინგის მონაცემებს. შესაბამისად, ქვეყნებისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღნიშნული რეიტინგების ქულებს ეფუძნება.

 

მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უპრეცედენტოდ დიდ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა. რეიტინგში წინა წელთან შედარებით ქვეყნის პოზიცია სამი ადგილით გაუმჯობესდა, ხოლო სარეიტინგო ქულა – 0.48 პუნქტით და შედეგად, ქვეყანას 2019 წელს ისტორიული მაქსიმუმი – 83.28 ქულა აქვს.

 

 

საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით „კორუფციის აღქმის ინდექსში“ ქვეყნის სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა და ქვეყანა წინა წელთან შედარებით ხუთი პოზიციით დაწინაურდა და 180 ქვეყანას შორის 41-ე ადგილზე გადმოინაცვლა 58 ქულით.

 

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ წლის რეიტინგში საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის ლიდერია. საქართველო რეიტინგში წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლიეტუვა (მე-18 ადგილი), ლატვია (მე-19 ადგილი), პოლონეთი (მე-20 ადგილი), სლოვენია (22-ე ადგილი), ჩეხეთი (23-ე ადგილი), სლოვაკეთი (25-ე ადგილი), ბელორუსია (27-ე ადგილი), ხორვატია (29-ე ადგილი), მაკედონია (31-ე ადგილი), უნგრეთი (32-ე ადგილი), თურქეთი (34-ე ადგილი), სომხეთი (39-ე ადგილი), ყაზახეთი (40-ე ადგილი), მოლდოვა (42-ე ადგილი), რუსეთი (42-ე ადგილი), აზერბაიჯანი (44-ე ადგილი) და უკრაინა (46-ე ადგილი).

 

რეიტინგის ლიდერია დანია - 86 ქულით, რომელსაც მოჰყვება ნორვეგია და შვედეთი, ხოლო რეიტინგში ბოლო – 46-ე პოზიციაზე უკრაინაა.

 

ევროპის პალატის 2019 წლის კვლევა „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის“ აფასებს ბიზნესის მთლიან კონტექსტს, რომელიც შედგება კორპორაციული გარემოს, კანონმდებლობის, სამთავრობო პოლიტიკის, სოციალური გარემოსა და პირობებისგან, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს ან, პირიქით, ხელს უშლის კერძო სექტორს როგორც ბიზნესის დაწყების, ისე წარმოებისა და გაფართოების თვალსაზრისით, როგორც მოკლე, ასევე, გრძელვადიან პერიოდში.

 

ქვეყნებისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა განისაზღვრება 0-დან 100 ქულამდე, სადაც 0 ქულა წარმოადგენს ყველაზე ცუდ მდგომარეობას ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს კუთხით, ხოლო 100 ქულა – საუკეთესოს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner