logo_geo
eng_logo
განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
- +

12 თებერვალი. 2019. 17:18

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული თ.ჯ. და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული  ნ.თ.  დამნაშავედ ცნო.    თ.ჯ. -ს სასჯელის სახედ და ზომად  8 წლით, ხოლო  ნ.თ.-ს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, თ.ჯ.-მ მის ნაცნობ - ი.ნ.-ს პირადი აუცილებლობისთვის, რამდენიმე საათით  250 ლარი ასესხა. დათქმული დროის გასვლის  შემდეგ თ.ჯ. მობილური ტელეფონით არაერთხელ დაუკავშირდა ი.ნ.-ს და  ვალის დაუყოვნებლივ დაბრუნება მოსთხოვა.

 

ი.ნ.-მ, რომელიც თანხის დასაბრუნებლად გარკვეულ პერიოდს ითხოვდა, თ.ჯ.-ს შეაგინა, თ.ჯ. კი შურისძიების მოტივით, ი.ნ.-ს მოკვლის მიზნით იმავე დღეს,  მეგობართან ნ.თ.-სთან ერთად, ავტომანქანით  ი.ნ.-ს სახლთან მივიდა და  უყვიროდა,  რომ იგი დაბლა ჩასულიყო, რა დროსაც  სიტყვიერ  შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და  ემუქრებოდა, რომ „დაშტირავდა“.  ვინაიდან თ.ჯ. არ ჩერდებოდა, ი.ნ.  ეზოში ჩავიდა, რა დროსაც თ.ჯ.-მ,  შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მას დანით გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი მეგობართან, ნ.თ.-სთან ერთად  შემთხვევის ადგილი დატოვა  და მიიმალა.

 

სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად ი.ნ.-ს გადარჩენა მოხერხდა.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად ასევე დადასტურდა, რომ ნ.თ.-მ ნამდვილად იცოდა, რომ  თ.ჯ.-მ  განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ჩაიდინა, თუმცა მომხდარის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა თ.ჯ. და ნ.თ. 2018 წლის 26 ივნისს  ქ. თბილისში დააკავეს. თ.ჯ.-ს ბრალდება   სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), ხოლო ნ.თ.-ს 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner