logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა: როცა მეკითხებიან, მწერალი ხარ? ვპასუხობ - არა...
- +

12 თებერვალი. 2019. 19:03

 

„როცა მეკითხებიან, მწერალი ხარ? ვპასუხობ - არა...“ - დინა მირცხულავას ლიტერატურული CV

 

- დინა, რატომ არ ჰყოფნით ჟურნალისტებს დღეში 24 საათი? თქვენი კოლეგა ია ანთაძის აზრით, „შეიძლება, იმიტომ, რომ 24 საათის განმავლობაში ხდება რაღაც ისეთი, რაც ჟურნალისტებმა უნდა გააშუქონ. მასალის მომზადებას ხომ დრო სჭირდება?“ ეთანხმები?

 

 - ჟურნალისტების შემთხვევაში, ვეთანხმები... და ადამიანებს რატომ არ ჰყოფნით დრო?! ბევრი მიფიქრია ამაზეც... აი, მე მაგალითად, როგორც ჟურნალისტს, ხშირად მიკმარია დღე-ღამეში 24 საათი, მაგრამ როგორც ადამიანს - არა... არც შვიდი დღე კვირაში და არც 30-31 დღე თვეში... ხშირად გადაებმება დღეები, როცა ვერაფერს ვასწრებ და ამ დროს არაფერს ვაკეთებ, სულ არაფერს, მაგრამ ვერაფერს ვასწრებ... არ ვიცი, რამდენად სწორად ჩამოვაყალიბე.

 

- მშვენივრად. ქალ პროზაიკოსებზე მინდა გკითხო. უდავო ფაქტია, დღეს მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალ პროზაიკოსთა რიცხვი. მეთანხმები? არსებობს თუ არა რაიმე დამახასიათებელი ნიშანი, თემა, რომელიც ქართველ ქალ პროზაიკოსებს გამოარჩევს მამაკაცი პროზაიკოსებისგან? მწერალი მაკა მიქელაძე თვლის, რომ „მამაკაცების მოთხრობების ნაწილი უფრო თავმობმულია და ნაკლებ მელოდრამატული… სამაგიეროდ ქალების პროზა – უფრო ინტუიტურია, ხშირად მამაკაცურზე თამამიც, თითქმის ყველა აკრძალული თემა, პირველად ქალებმა წამოსწიეს… ვერ მიაჩუმათეს“. ეთანხმებით თუ არა? რატომ?

 

- აბსოლუტურად ვეთანხმები. არ არსებობს თემა, რომელსაც არ შევეხეთ, მამაკაცები უფრო „დავარცხნილები“ არიან ამ შემთხვევაში, აი, ქალები კი პირმოღებით ვაშიშვლებთ ყველაფერს, თუმცა, ეგეც ინდივიდუალურია ....

 

- „აკრძალული თემები“ ვახსენეთ. როგორ ფიქრობ, არსებობს თანამედროვე ლიტერატურაში ასეთი თემები? ქართულში?

 

- ნამდვილად არსებობს... უამრავი ასეთი თემაა, რომელიც რატომღაც რელიგიურობით იფუთება და ტაბუ აქვს დადებული. სადღაც წავიკითხე ადრე, სახარების ადგილი ეკლესიებში ტრადიციებმა დაიკავესო... ტრადიციებს არ ვმტრობ, მაგრამ სადაც ადამიანი უბედურია, ასეთი არაფერი მინდა... ტრადიციულად, გამართლებულ თემებს არავინ ეხება. მეც შემშინებია და არ დამიწერია რაღაც ისეთი, რაც საზოგადოებისათვის მიუღებელი იქნებოდა... ანუ მე ვითვალისწინებ მკითხველის დაკვეთას, მკითხველი კი ზღვარს იქით არ მიშვებს და თუ გამიშვებს, მაკონტროლებს...

 

- მწერალ დავით ქართველიშვილთან რამდენიმე წლის წინანდელი ინტერვიუ მინდა გავიხსენო, სადაც იგი ამბობს: „არც პოეზია და პროზა არ მომკვდარა, უბრალოდ, გარდაიცვალა ანუ სახე იცვალა. შეუძლებელია, დღეს ვინმე ბალზაკივით წერდეს. დიდი კლასიკოსები თავის თავზე ბევრ ფუნქციას იღებენ: მოაზროვნის და ა.შ. დღეს ძალზე დანაწევრდა ეს სფეროები: სოციალური საკითხები ჟურნალისტებმა აიღეს, მორალური საკითხები- ფილოსოფოსებმა. მწერალი „გათავისუფლდა“ ამ საკითხებისგან და, უბრალოდ, ამბებს ჰყვება. თუმცა, ვერაფერი ისე ვერ გადმოსცემს ადამიანის ფიქრს, როგორც თხრობა“ – კითხვას არ დაგისვამ, უბრალოდ კომენტარს გთხოვ…

 

 - როგორაა, იცით ?! ისევ პირველ კითხვასთან მივალ, ადამიანებს დრო არ ჰყოფნით, ცხოვრების რიტმი შეიცვალა, ყველაფერი აჩქარდა თითქოს. დიდტანიან ნაწარმოებებს ვეღარ კითხულობენ დროის უქონლობის გამო, მართლა ბალზაკი ხომ ვერ იქნები ან დოსტოევსკი?! მე პირადად ძალიან პატარა ამბებს ვწერ, ზოგჯერ ნამდვილს და ზოგჯერ იმას, რაც მინდა მოხდეს, არც ერთი ამბავი არაა სადღაციდან მოვარდნილი, ან ხდება, ან ქვეცნობიერი მაწვდის... ვერანაირად ვერ ვაიძულებ ადამიანს, დაჯდეს და 12-გვერდიანი ნოველა წაიკითხოს, ამიტომ არასოდესაა ჩემი ამბავი 1-2 გვერდზე მეტი.... ბალზაკი რომ ვიყო, კი ბატონო, მაგრამ დინა მირცხულავა ვარ, მასავით ვერ დავწერ....

 

- პირდაპირ გკითხავთ, მოგწონთ თანამედროვე ქართული პოეზია, საერთოდ რას გვეტყვით ოცდამეერთე საუკუნის ქართულ პოეზიაზე? თქვენი აზრით, რა მდგომარეობაა ახლა და რა ელის მომავალში?

 

- კარგი მდგომარეობა არ არის ნამდვილად... რატომღაც ყველა პოეტობს, ჩემს გარდა (იცინის). მე ლექსებს არ ვწერ, როცა მეკითხებიან, მწერალი ხარ ? ვპასუხობ - არა, არა ვარ. მე უბრალოდ სწორად ვსვამ სასვენ ნიშნებს და ვალაგებ წინადადებებს. მკითხველი წყვეტს - ვინ ხარ შენ?! „ტალახი-ბალახის“ გარითმვა არაა პოეტობა. ცამეტი სტროფის ორ სტროფამდე დაყვანა შეგიძლია ან პირიქით - ორი სტროფის გაზრდა?! - მიკითხავს რამდენიმესთვის. -არა, - მპასუხობენ.

მუხრანს აქვს ასეთი ლექსი:

„გარეთ ხმაურობს წვიმა,

ოთახს ანათებს ლამპა.

- პეტუშა გახსოვს?!

- იმე!

- რა ბიჭი იყო?!

- აპა?!

მორჩა! ერთი დიდი წიგნია და ესაა პოეზია... ხომ არაფერი და ყველაფერი ნათქვამია.

მომავალში ყველაფერი კარგი ელის... საშა ჰყავს ჩვენს საუკუნეს, გველესიანი. ის ძალიან დიდია, ძალიან...

 

- საუბარი კრიტიკის თემით განვაგრძოთ. კრიტიკოსს ლიტერატურულ ცხოვრებაში სიმძაფრე შემოაქვს. რამდენად იგრძნობა დღეს ეს სიმძაფრე, თუ ჰყავს დღეს ლიტერატურას კრიტიკოსები, შემფასებლები?

 

- კი ჰყავს, მაგრამ ერთი უცნაურობა შეინიშნება. თუ კრიტიკოსი ხარ, თვითონ არ უნდა წერდე და პირიქით... თან წერენ და თან აკრიტიკებენ. ისე, გამოგიტყდებით და, კარგი კრიტიკოსი დადგებოდა ჩემგან, მაგრამ წერა მირჩევნია... ახლა ვიდრე კონტრშეკითხვას დამისვამდეთ, აბა, პოეტები რატომ გააკრიტიკეო, გეტყვით - მე არ ვწერ ლექსებს (ისევ იცინის).

 

- საუბარი ლიტერატურული კონკურსების თემით განვაგრძოთ. ზოგადად, რას ფიქრობ ლიტერატურულ კონკურსებზე. რამდენად ობიექტურად იმართება საქართველოში? რომელიმე ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრობას თუ ისურვებდი? როგორ ფიქრობ, ძნელი იქნება?

 

- აღარ ვიღებ მონაწილეობას, სულ სამი მახსენდება, ერთგან ფინალში გავედი, მეორეგან - დაიწუნეს და მესამეგან, რომ მივედი, ჟიურიში დაახლოებით ისეთი წევრი იჯდა, აი, მაგალითად, მეპურეს რომ გულის გადანერგვის ოპერაციაზე სთხოვოთ კომენტარი და თვითონ წამოვედი. ხომ გვყავს ცოცხალი პოეტები და მწერლები, ლიტერატურულ კონკურსზე რომ მღვდელი და კარატისტი არ დამისვა ჟიურიში?!

 

- ფაქტია, რომ დღეს ბევრი ნაწარმოები ითარგმნება… ხარისხი მოგწონთ?

 

- არ მკითხოთ... დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“ შევადარე ძველი და ახალი თარგმანი, აცდენილი იყო საერთოდ.

 

- ლიტერატურა და საგამომცემლო საქმე… რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ საქართველოში? საკმაო რაოდენობის ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთი გამოდის? ლიტერატურული ჟურნალის, გაზეთის დაარსება არ გიფიქრია?

 

- კარგი შეკითხვაა... გამომცემლობა ბიზნესია ხომ ?! ჩვენთან საქართველოში, ბიზნესი რატომღაც მარტო კორპუსების აშენება და მათი ყიდვა-გაყიდვაა... მე ვეუბნები ხოლმე ბიზნესმენებს, სადაც კი მაქვს ამის შესაძლებლობა, რატომ არ გინდათ, „ჩადოთ“ ფული „პეტრესა და პავლეში“, დაუბეჭდოთ თაროზე შემოდებული წიგნი და მოგებაც გექნებათ... არ უყურებენ ამას სერიოზულად... იგივე გამომცემლობებსაც ეხებათ.

არ მიფიქრია არასოდეს, რაიმეს ორგანიზატორი ვყოფილიყავი. იმდენად არეული და აბდაუბდა ადამიანი ვარ, ვერასოდეს ვერაფერს ჩავუდგები სათავეში, პასუხისმგებლობის მეშინია... მირჩევნია, დამავალონ და გავაკეთო, ვიდრე თვითონ ვიმტვრიო თავი.

 

- კინორეჟისორი რომ იყო, რომელ ლიტერატურულ ნაწარმოებს გადაიღებდით?

 

- ავთო ვარსიმაშვილმა დადგა სპექტაკლი „მექანიკური ფორთოხალი“. ორიგინალისაგან განსხვავებით, სპექტაკლი აფხაზეთის ომსა და ომის შემდგომ წლებზე გადმოაქართულა... ვაქცევდი ავთოს ამ სპექტაკლს კინოდ, ამას ოღონდ, ორიგინალს არა.

 

- დაასრულეთ: მიყვარს მწერალი, რომელიც (რომელსაც)...

 

- მიყვარს მწერალი, რომელიც ჯერ ადამიანია და რომელსაც ადამიანობა ყველაზე კარგად გამოსდის.

 

-  დაასრულეთ: რატომ ვარ (არ ვარ) მკითხველი, როგორიც მინდა ვიყო…

 

 - რუტინაში ისე ვარ ჩაბმული, დრო არ მაქვს, ჩამოწერილი მაქვს წასაკითხი წიგნების სია და ვერ მივედი იქამდე.

 

- „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიწერა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა… თითქმის 40 წელი. როგორ ფიქრობ, რით ჰგავს თანამედროვე ლიტერატურისმოყვარული კაცი ვასიკო კეჟერაძეს? ჰგავს კი საერთოდ? „კარცერ ლუქსის“, უფრო ზუსტად, წიგნის „იძულებით“ შეყვარების იდეაზე რას მეტყვი?

 

- იძულებით იდეაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მიმბაძველობით იდეაზე - კი. მე კითხვა მამაჩემმა შემაყვარა, სულ წიგნი ეჭირა, გამუდმებით კითხულობდა. ერთხელ მითხრა, ომის შემდგომი წლები, შიმშილი და გაჭირვება კითხვამ გადამატანინაო.

 

- „თუ არ ჩამქოლავდნენ და საქართველოში აღმოჩნდებოდა ასეთი ნიჭის მქონე კინოსცენარისტი - ჭილაძის „რკინის თეატრს“ და დოჩანაშვილის „სამოსელ პირველს“ გავაერთიანებდი. თუ ოცნებაა, ოცნება იყოს… ცალ-ცალკე არამც და არამც“ (ჟურნალისტი ელგა ფოლადაშვილი) – თქვენი კომენტარი...

 

- ელგასიანი ვარ ....

 

- დინა, ზუსტად იცი, რომელია „შენი წიგნი“?

 

- ჩემი წიგნი დოსტოევსკის „იდიოტია“... იქ ერთი პერსონაჟია, რომელსაც ძალიან ვგავარ და მე მას რაღაცნაირად ვპატიობ კიდეც მკვლელობას... წლების წინ მე გადავრჩი მისნაირობას...

 

- რას ეკითხებით ყველაზე ხშირად საკუთარ თავს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ პასუხობთ და კითხვა, რომლის პასუხი ზუსტად იცით...

 

- ასე თავგანწირვით სიყვარული ღირდა ?! - ყველაზე ხშირად ამას ვეკითხები ჩემს თავს და ვერ ვპასუხობ.

 

და კითხვა, რომლის პასუხიც ზუსტად ვიცი.

 

დედამიწაზე რომ დავსრულდები, მართლა დავსრულდები?! და პასუხი - რა თქმა უნდა - არა!

 

წყარო: https://www.facebook.com/eblitfo/posts/1457497341051539

 

 

ავტორი: გიორგი კილაძე 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner