საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტექნოლოგიური ინსტიტუტის ჩამოყალიბება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ სწორად გაკეთდეს ეს.
ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს", რომელიც სრულად აფინანსებს როგორც ნაწილაკთა ამაჩქარებლის მშენებლობას, ისე შემდგომში თავად ინსტიტუტის მშენებლობას.
„დღეს ჩვენ მართლა სწორად დაგეგმილი პროცესი გვაქვს. თქვენ ვერ გააკეთებთ ტექნოლოგიურ ინსტიტუტს, თუ არ გაქვთ კონკრეტული ინსტრუმენტები. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე, სადაც ამაჩქარებლის მშენებლობა დაიწყება, ეს იქნება კონკრეტული ინსტრუმენტი, რაც შესაძლებლობას მისცემს შემდგომში მათემატიკოსებს, ქიმიკოსებს, ფიზიკოსებს, რომ რეალური კვლევები ჩაატარონ. იმ მეცნიერებს, რომლებიც ტექნოლოგიურ ინსტიტუტში იმუშავებენ, საშუალება ექნებათ კვლევები აწარმოონ. ამ ინსტრუმენტების გარეშე პრინციპულად შეუძლებელია ტექნოლოგიური ინსტიტუტი წარმატებული იყოს, რადგან ეს არ არის მხოლოდ შენობა - აუდიტორია, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ლაბორატორიები და შესაბამისი ინსტრუმენტები, ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწორად აწყობილი ციკლი. დიდი მადლობა ფონდ „ქართუს", რომელიც სრულად აფინანსებს როგორც ამაჩქარებლის მშენებლობას, ისე შემდგომში ინსტიტუტის მშენებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.