საქართველოში ტყვიის შემცველობაზე საუბარი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში NDI-ის დირექტორის, ლორა თორთონის facebook–პოსტს, სადაც ქალბატონი ლორა წერდა, რომ მას და საქართველოში მცხოვრებ მის რამდენიმე უცხოელ მეგობარს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდათ. ამის შემდეგ აღარავის უკვირს, რომ საქართველოში მცხოვრები უცხოელები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპკორპუსის წარმომადგენლები ტყვიის შემცველობაზე სპეციალურ ანალიზებს იტარებენ. ატმოსფერული ჰაერის ნიმუშების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თბილისში ყველაზე მეტი ტყვია მშენებლობების ირგვლივაა კონცენტრირებული, თუმცა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძე აცხადებს, რომ ტყვიისა და სხვა საშიში ნივთიერებებისგან დაცულნი საკუთარი სახლის კედლებშიც არ ვართ:
- როცა ჰაერში ტყვიის მომატებულ შემცველობაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი უბედურების სათავე საბაჟოდან იწყება. სამწუხაროდ, იმპორტზე შემოსულ ყველა პროდუქციას თავისი მაფია ჰყავს და სანამ ბიზნესი კარტერულ გარიგებებზე იმუშავებს, მანამდე არაფერი გვეშველება. ჰაერის ტყვიით დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში შემოტანილი ბენზინისა და ავტომობილების ხარისხი, უფრო სწორად, უხარისხობა გახლავთ, მაგრამ ქუჩაზე ათჯერ უარესად, ჩვენს საკუთარ ბინებში ვიწამლებით. სამშენებლო, მოსაპირკეთებელ თუ სანტექნიკურ მასალას, რაც საქართველოში შემოდის, საბაჟოზე არავინ ამოწმებს, ამიტომ რაც მსოფლიოში ნაგავია, ყველაფერი ჩვენთან შემოაქვთ. გაივსო საქართველო უხარისხო სამშენებლო თუ სარემონტო მასალებით. ტყვიის შემცველობა განსაკუთრებით მაღალია საღებავებში, წებოებსა და სხვა დამხმარე სამშენებლო მასალებში, რაც უხვად შემოაქვთ თურქეთიდან. ახალი სახლები სულ ასეთი ტოქსიკური სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალებით არის ნაშენები და გამკითხავი არავინაა. ხალხს ახალ ბინებში შესვლა უხარია, ევრორემონტით თავს იწონებს და ამ დროს, ეს ევრორემონტი კი არა, ევროსიკვდილია, ვინაიდან ტყვია ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ძნელად გამოდის გარეთ და უამრავ დაავადებას იწვევს.
- სამშენებლო მასალები უსაფრთხოებაზე არ მოწმდება?
- რომ მოწმდებოდეს, ასეთი სიტუაცია არ გვექნება. წესით, უნდა არსებობდეს აუცილებელი მოთხოვნა, რომლის თანახმად, ახალი სახლი ჩაბარების დროს სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმებზე და ტოქსიკურ მასალებზე შემოწმდება. არსებობს ასეთი ნივთიერება – რადონი. ეს გახლავთ რადიაციის ბუნებრივი წყაროებიდან ყველაზე მომწამვლელი და ჰაერზე ცხრაჯერ მძიმე რადიოაქტიური გაზი, რომელსაც თეთრ სიკვდილს ეძახიან. ის ყველგან და ყველაფერშია: მიწაში, წყალში და ა.შ. რადონის გამოსხივებამ მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი იმსხვერპლა, ამიტომ დაიწყეს რადონომეტრების შექმნა და სამშენებლო მასალების შემოწმება, მაგრამ საქართველოში ეს საკითხი ჯერ გაჟღერებულიც არ არის...
- როგორც ვიცი, ევროპასა და ამერიკაში მოსახლეობას სასმელი წყალი ლითონის მილებით მიეწოდება. შეიძლება თუ არა, წყალში ტყვიის მაღალი შემცველობა პლასტმასის მილებს უკავშირდებოდეს?
- გააჩნია, პლასტმასის მილი რომელი მასალისგან არის დამზადებული, თუმცა, ტოქსიკური პლასტმასიც შეიძლება იყოს და რკინაც. სანამ ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფა მოხდებოდა, ჩერნობილი სამრეწველო რეგიონი იყო და ათასობით ქარხანა და წარმოება ჰქონდა. ავარიის შემდეგ ჩერნობილის ტერიტორია მკვდარ ზონად გამოცხადდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ გარკვეულმა ჯგუფებმა იქ პარტიზანულად შესვლა და ლითონის ჯართად გამოტანა დაიწყეს. შემდეგ ეს ლითონი გადაადნეს და მილები, არმატურები, „შველერები“ და სხვა სამშენებლო მასალები დაამზადეს. ისე მოხდა, რომ რადიაციით დაბინძურებული 100 ტონა ლითონის სამშენებლო მასალა მოსკოვში შეიტანეს და მშენებლობაში გამოყენება დაიწყეს. სრულიად შემთხვევით, რომელიღაც საბავშვო ბაღთან, სადაც მილებს ამონტაჟებდნენ, იაპონელებმა გაიარეს. ბედად, რომელიღაცას ჯიბეში დოზიმეტრი ედო და განგაში ატეხა. მილებს გაჰყვნენ და ნახეს, რომ იმ ბაღში ყველა მილი რადიაციულად დაბინძურებული იყო და ბავშვებს წყლის ნაცვლად, შხამს ასმევდნენ. ამის მერე მოსკოვში ერთი ამბავი ატყდა და რადიაციული მილები სასწრაფოდ ქვეყნიდან გაიტანეს. მაშინ ვერსიის დონეზე ითქვა, რომ გივი თარგამაძემ და მისმა ძმამ მილიონი ტონა რადიაციური ლითონი ჩალის ფასად შეიძინეს და საქართველოში შემოიტანეს. ამიტომ ვამბობთ, რომ ყველაფერი შესამოწმებელია - მშენებარე, უკვე აშენებული თუ მომავალში ასაშენებელი კორპუსები, თუმცა, კორპუსები კი არა, სამშენებლო მასალები საავადმყოფოებშიც კი არაა შემოწმებული. წარმოიდგინეთ, ძვირადღირებულ ოპერაციებს აკეთებენ და შემდეგ პაციენტები „გაზის კამერებში“ შეჰყავთ, რომლებიც ტოქსიკური აირებით, რადონით, რადიაციით, მძიმე მეტალებით და ათასი უბედურებით სავსეა. ეს მაინც არ უნდა შეამოწმო?
- გამოდის, რომ ახალ საავადმყოფოებს ძველ საავადმყოფოებში მკურნალობა ჯობია...
- არავითარ შემთხვევაში. ძველ საავადმყოფოებში ჩატარებული რემონტების შემდეგ ზუსტად იგივე მდგომარეობაა, რაც ახლებში. საერთოდ, როგორ უნდა მისცე საავადმყოფოს სერტიფიკატი ისე, თუ სამშენებლო ეკოლოგიაზე არ გყავს შემოწმებული? 14 წელია, ამაზე ვიბრძვი, სად არ დავწერე, როგორ არ ვეცადე და ნაბიჯი ვერ გადავადგმევინე. მსოფლიო სტატისტიკა გვეუბნება, რომ ადამიანთა 50%-ზე მეტი სამშენებლო-ეკოლოგიური ნორმების დაუცველობისგან გამოწვეული მძიმე დაავადებებით იღუპება და ჩვენ ჯერ ის ნორმებიც არ დაგვიდგენია, რომლებიც სიკვდილიანობას იწვევს. არც დაუდგენიათ, არც დაუმუშავებიათ და არც აუმოქმედებიათ. ყოველდღიურად ვიღაც ავადდება, ვიღაცას დაავადება უმძიმდება და ვიღაცა კვდება და გამკითხავი და მომკითხავი არავინაა.. ერთადერთი გამოსავალია, რომ გაჩნდეს პასუხისმგებელი სტრუქტურა, როგორიც ადრე მშენებლობის სამინისტრო იყო. უნდა გვქონდეს მშენებლობის სამინისტრო, სადაც იქნება სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს, ტყვია იქნება თუ სხვა ტოქსიკური გამონაბოლქვი და რადიაცია. სხვა გზა და გამოსავალი უბრალოდ, არ არსებობს.
წყარო - პროგრესნიუსი