„ამაზონის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ მისი 25-წლიანი ქორწინება მაკენზისთან დასრულდა. ბეზოსი უკვე შეყვარებულია, მისი რჩეული მსახიობი ლორენ სანჩესია და წყვილი მალე ერთად გადავა საცხოვრებლად.
ბიზნესმენმა, რომლის ღირებულება $160 მილიარდია, „ტვიტერზე“ მისი და მაკენზი ბეზოსის საერთო განცხადება გამოაქვეყნა.
„გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ ჩვენი ცხოვრების განვითარების შესახებ. როგორც ჩვენმა ოჯახებმა და ახლო მეგობრებმა იციან, ხანგრძლივი ურთიერთობისა და საცდელი განცალკევების მერე გადავწყვიტეთ, რომ განვქორწინდეთ და ცხოვრება მეგობრების სტატუსით გავაგრძელოთ. წარმოუდგენლად გაგვიმართლა, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ და უზომოდ მადლიერები ვართ ერთად გატარებული თითოეული წლის გამო. ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შეგვეძლოს, ისევ ასე მოვიქცეოდით. როგორც დაქორწინებულ წყვილს, საოცარი ცხოვრება გვქონდა და წინ არაჩვეულებრივი მომავალი გველოდება როგორც მშობლებს, მეგობრებსა თუ საქმიან პარტნიორებს. შეიძლება, ტიტული შეგვეცვალა, მაგრამ ჩვენ ისევ ვრჩებით ოჯახად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჯეფ ბეზოსს და მაკენზის 4 შვილი ჰყავთ. განქორწინების შემდეგ, ბეზოსს 137 მილიარდის ყოფილ ცოლთან გაყოფა მოუწევს.
ჯეფ ბეზოსი ამჟამად პლანეტის უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონება 2017-დან 2018 წლამდე $60 მილიარდით გაიზარდა, რითაც მან „მაიკროსოფტის“ თანადამფუძნებელ ბილ გეიტსს გადაასწრო.