Facebook-გვერდი - „რესპუბლიკა 100“, ქართველი საზოგადო მოღვაწისა და რევოლუციონერის, დიომიდე თოფურიძეს შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც 1937 წელს „მენშევიკობისა“ და „შოვინისტი ინტელიგენციის გადაბირებისათვის“ დახვრეტა მიუსაჯეს. თოფურიძე, 1937 წლის დეკემბერში დახვრიტეს. 1942 წელს კი, კომუნისტებმა მისი შვილიც გამოასალმეს სიცოცხლეს.
„პირველი რესპუბლიკის ძალზე მნიშვნელოვანი მოღვაწე, თუმცა დღეს თითქმის დავიწყებული დიომიდე თოფურიძე, - რევოლუციონერი, ეკონომისტი, მეცნიერი, საქართველოს დამფუძნებელი, პარლამენტარი, ქუთაისის მერი - რომლის შესახებაც დღეს საქართველოში ალბათ თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანებმა თუ იციან...
დიომიდე 1871 წელს ხეთაში, ზუგდიდში დაიბადა. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, დღევანდელ პირველ სკოლაში. 1892 წელს დიომიდეს არალეგალური ურთიერთდახმარების სალარო დაუარსებია, კითხულობდა არალეგალურ პრო-დემოკრატიულ ლიტერატურას. ქუთაისშივე დაუახლოვდა „მესამედასელებსა“ და დაინტერესდა მარქსიზმით.
იყო შესანიშნავი მეცნიერი. 1895 წელს გამოაქვეყნა პირველი სამეცნიერო ნაშრომი სამეგრელოში დამნაშავეობის დინამიკის ეკონომიკურ მდგომარეობასთან - სიმინდის საექსპორტო ფასებთან - კავშირზე. პრესაში აქვეყნებდა სტატიებს ეკონომიკაზე. თავადაც დააარსა ჟურნალი „ეკონომისტი“. სწავლობდა მოსკოვში, ჟენევასა და პარიზში, სადაც „გაღატაკების თეორიაზე“ წერდა დისერტაციას. 1926-ში გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „საქართველოს ეკონომიკის საფუძვლები“.
მონაწილეობდა 1904-05 წლების რევოლუციაში. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. სასჯელს სარატოვისა და სამარის ციხეებში იხდიდა. ბოლშევიკების გადატრიალებამდე მუშაობდა სარატოვსა და ვოლგისპირეთში, შემდეგ დაბრუნდა თბილისში.
1918 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. ზუსტად 100 წლის წინ აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელ კრებაში, ასევე თბილისის საბჭოს ხმოსნად. ბათუმის ბრიტანული ოკუპაციისას ხელმძღვანელობდა ბათუმის დიპლომატიურ მისიას.
1919-20 წლებში ქუთაისის მერად მუშაობდა და ცდილობდა ქალაქის აღორძინებას. თანაც, თავისი მილიონერი გერმანელი ცოლის ფინანსებს ხშირად ახმარდა ქვეყნის საჭიროებებს. თუმცა დღეს არც ქუთაისსა და არც თბილისში, მასზე ბევრი არ იციან.
ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ საქართველოში დარჩა. 1937 წელს „მენშევიკობისა“ და „შოვინისტი ინტელიგენციის გადაბირებისათვის“ დახვრეტა მიუსაჯეს. დახვრიტეს 1937 წლის დეკემბერში. ესეც არ აკმარეს, 1942 წელს კომუნისტებმა მისი შვილიც დახვრიტეს“, - წერს „რესპუბლიკა100 “.