ცამდე მართალი იყო ბიძინა ივანიშვილი, როცა ბრძანა - რომ არ იყოს „რუსთავი-2“, ქვეყანაში საქმე კარგად იქნებოდაო.
დემაგოგიაა, როცა მავანი და მავანი „დემოკრატიის მცველები“ ცდილობენ იქილიკონ, რომ ერთ ტელეარხს როგორ შეუძლია კარგი ქვეყანა ცუდად მოგაჩვენოსო.
მთავარია ფაქტები და არგუმენტები.
ყველაზე დიდი არგუმენტია ის, რომ ერთი წვეთი შხამი ერთ კასრ თაფლს... პირდაპირ „რ-2“-ზე რომ გადმოვიტანოთ - ერთი წვეთი ფეკალია ერთ ქვევრ ღვინოს და ერთ ჩაფ წყაროს წყალს ბილწავს. სხვა სიტყვებით - ნეგატივს დიდი და მეტი ძალა აქვს!
თუ კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით, „რუსთავი-2“ ერთდროულად შხამიც არის და ფეკალიაც და თანაც თითო წვეთზე გაცილებით მეტი. ეს არის - დეზინფორმაცია, ტყუილი, სიძულვილი, მტრობა, ცილისწამება, შეურაცხყოფა, ბილწსიტყვაობა და ათასი სიბინძურე.
უბედურება ის არის, რომ ამ ყველაფერს მაყურებელმა, დროთა განმავლობაში, ყური შეაჩვია და მათი გარკვეული ნაწილი ვერც კი აცნობიერებს, რომ თანდათან ექვემდებარება ე.წ. ტვინის გამორეცხვას. ამის ნათელი გამოხატულებაა საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერთა გაზრდილი რაოდენობა.
ჩვენს სამშობლოში საქმე რომ გაცილებით კარგადაა, ვიდრე ექვსი წლის წინ იყო, „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეებიც ვერ უარყოფენ: ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის მხრივ ბევრ ევროპულ და ნატოს წევრ სახელმწიფოს ტოლს რომ არ ვუდებთ, აღიარებული ფაქტია; ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კუთხით ხომ ცა და დედამიწაა; მთავარი გამოწვევა დღესაც სიღარიბეა, მაგრამ არ შეიძლება არ დავინახოთ და ვაღიაროთ, რომ ღარიბთა რიცხვი 350000 ადამიანით შემცირდა (2013 წლამდე იყო 1150000).
ეკონომიკა რომ სუსტია, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ყველაფერი ხომ ფარდობითია? ქვეყანაში, რომელიც ოცდაათი წლის განმავლობაში უმოწყალოდ იძარცვებოდა, ერთი ხელის დაკვრით საქმე ვერ გამოსწორდებოდა, მაგრამ ყველა საერთაშორისო კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანი წინსვლა რომ გვაქვს და ეკონომიკის ზრდის კუთხით რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვართ, ესეც რეალობაა. ამის ერთ-ერთი ინდიკატორი ტურიზმის ხუთმაგი ზრდაა. ტურიზმის ზრდა, იმავდროულად, უსაფრთხო გარემოსა და დაცულობის ინდიკატორიცაა, რაც ასევე აღიარებული ფაქტია...
აღარ გავაგრძელებ, რადგან ჩემი წერილის თემა სხვაა. ყველა სიკეთემ ხალხის ყოფაზე უფრო მეტი, უფრო ქმედითი ასახვა რომ ჰპოვოს, ამისთვის შესაბამისი განწყობა და შესაბამისი შინაგანი მობილიზებაა საჭირო. ამ საქმის სუბიექტი, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, მედიასაშუალებებია. სახელმწიფო ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ მაყურებელს, მსმენელს და მკითხველს მიეწოდებოდეს ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. გარდა ამისა, თითოეული მოქალაქე უნდა იყოს მომართული იმისთვის, რომ იპოვოს თავისი ადგილი და როლი აღმშენებლობით პროცესში - ესეც მედიის საქმეა.
საზოგადოებას, ეტყობა, პერიოდულად სჭირდება იმის შეხსენება, თუ რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის იდეოლოგიური საყრდენი და მთავარი გამწევი ძალაცაა „რუსთავი-2“.
ცხრაწლიანი დანაშაულებრივი რეჟიმი სრულიად გამიზნულად და გაცნობიერებულად (სისტემურად) კლავდა, აწამებდა, აუპატიურებდა, სახლში უვარდებოდა, ქონებას ართმევდა, ბიზნესს არეკეტებდა, თავისუფალ სიტყვას და აზრს ჩანასახშივე ახშობდა, ისაკუთრებდა ან ხურავდა მედიასაშუალებებს, სახელმწიფო ხაზინას ანიავებდა და ძარცვავდა... რაც ყველაზე მთავარია - წინასწარ გათვლილი გეგმით, მოღალატეობრივად, მეზობელ მტრულ სახელმწიფოს „ხონჩით მიართვა“ ქვეყნის ტერიტორიების 20%.
ზემოთ ჩამოთვლილ დანაშაულებში ლომის წილი „რუსთავი-2“-ზე მოდის!
მე დიდი ხანია აღარ ვუყურებ „რუსთავი-2“-ს, მაგრამ ყოველწუთიერად ვგრძნობ, რომ მისი საცეცები მაინც მწვდება და სულს მიხუთავს, ნერვულ უჯრედებს მინადგურებს, ე.ი. მკლავს ნელი სიკვდილით, რადგან თავმოყვარეობა და ღირსება ძვირად მიღირს, რადგან ეს ქვეყანა, რომელსაც ლამაზი სახელი - საქართველო ჰქვია, მიყვარს და მისი პატრიოტი ვარ, რადგან უზნეობის და უხამსობის ერთი გამოვლინებაც, თუნდაც ამას სხვების მიმართ სჩადიოდნენ, შეუწყნარებელ ამბად, მოვლენად მიმაჩნია... ასე მზრდიდნენ ჩემი მშობლები, ამას გვასწავლიდნენ ჩვენი დიდი წინაპრები...
თვალს ვერ დავხუჭავ და ვერ შევეგუები, რადგან „გატარება“ და გატანინება დანებებას ნიშნავს, მოქალაქის ვალზე უარის თქმას ნიშნავს, ქვეყნის ინტერესთან ზურგშექცევით დგომას ნიშნავს.
რა უნდა გააკეთო კაცმა, როგორ უნდა დაუპირისპირდე ქვეყნის ნგრევაზე მომართულ ამ ბოროტების მანქანას, როცა კანონმორჩილი მოქალაქე ხარ და დეზინფორმაცია, ტყუილი, შეურაცხყოფა, ცილისწამება კანონით დასჯადი არაა?
როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა, რომელიც სრულად აცნობიერებს თავის წილ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე, გადავწყვიტე, ავირჩიო სამართლებრივი გზა, როგორც უალტერნატივო გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან და შევუერთდე არაერთხელ (მაგრამ არაორგანიზებულად) გახმოვანებულ მოთხოვნას:
მიეცეს პოლიტიკური შეფასება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მმართველობის პერიოდს, გამოძიებულ იქნას ყველა სისტემური დანაშაული და გამოძიებულ იქნას აგვისტოს ომის და მისი წინმსწრები მოვლენების გარემოებები.
ეს არ მოხდება, თუ ხელისუფლება არ იგრძნობს ხალხის ძალას, თუ ნაცჯალათების გარე მხარდამჭერები არ დარწმუნდებიან, რომ ჩვენი მხრიდან უკან დახევა არ იქნება. ცნობილი შიდა და გარე დამაბრკოლებელი გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენს სამართლიან მოთხოვნას მხოლოდ მაშინ ექნება შედეგი, როცა ის ტალღასავით აზვირთდება.
რეჟიმი უნდა გასამართლდეს!!! დამნაშავეები უნდა დაისაჯონ!!!
ბიძინა დვალი
12.02.2019