„ბოტანიკურ ბაღში გასხვისებული ნაკვეთი ისევ რეკრეაციულ ზონად დარჩა", - აღნიშნული განცხადება თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, სადაც ბოტანიკური ბაღის ნაწილის გასხვისების თაობაზე მიმდინარეობდა მსჯელობა.
„რაც შეეხება პირობებს, როგორ გამოცხადდა აუქციონი, ჩვენ მოვისმინეთ, რომ ეს იყო ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა და დღეს ეს იქცა სამშენებლო ზონად. არა, ეს იყო ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა და ისევ დარჩა ამ ზონად, უბრალოდ დაშვებით, რომ იქ, მცირედით იყოს მისი განვითარების შესაძლებლობა.
რას ვგულისხმობთ ამ მცირედ ნაწილში? აუქციონის პირობებში ნათლად ჩაიწერა ის ვალდებულებები, რომელიც უნდა შეასრულოს მყიდველმა. ეს ვალდებულება გახლავთ შემდეგი: პირველი - რომ მასზე უნდა განახორციელოს მშენებლობა კონკრეტულ ვადაში (ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვე) და უფლება აქვს, განახორციელოს 20 ათასი კვადრატული მეტრის მოცულობის მშენებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცხადებული 30 ჰექტრიდან შეუძლია მხოლოდ 5 ჰექტარზე განახორციელოს მშენებლობა, დანარჩენი რჩება უცვლელი. უფრო მეტიც, მკაცრდება პირობა და ჩავწერეთ, რომ დანარჩენ ტერიტორიაზე და მთლიანად ამ გაცემულ ტერიტორიაზე უნდა განახორციელოს მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა, განახლება, მათ შორის ხე-მცენარეების დარგვა და ამისთვის უნდა მოაწყოს საირიგაციო სისტემა. მოგეხსენებათ, 30 ჰექტარზე საირიგაციო სისტემის მოწყობა მცირე ხარჯებთან არ არის დაკავშირებული და არ არის მარტივი პროცესი, თან იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს არ არსებობდა. საირიგაციო სისტემა კი გააუმჯობესებს იმ გარემოს და უფრო მეტად დატვირთავს ამ რეკრეაციულ ნაწილს",- განაცხადა კარლო ლაფერაძემ.