კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ცალსახად მიანიშნებს, რომ რუსეთი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით ცდილობს, საქართველოში საკუთარი ინტერესები გაატაროს.
ხაინდრავა რუსული ინტერესების მატარებლად, „ენმ“-ს წევრსა და ამავე პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ასახელებს.
„ამის მშვენიერი მაგალითია მათ მიერ ხელდასხმული საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე - რუსეთის უშიშროების თანამშრომელი. მერამდენედ ვამბობ და ხმამაღლა ვაცხადებ, რასაც წარმოადგენს სინამდვილეში ვაშაძე. ვაშაძისთვის, საქართველო შავი ჭირია. მისი საწყისი, გული და სული, როგორც თავად ინტერვიუში განაცხადა, რუსეთია თავისი კულტურით, წარსულით. იგი, განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირის დაშლას დარდობდა. ამიტომ, ბუნებრივია, რაც აქ ხდება, ეს მისთვისაც და სააკაშვილისთვისაც შავი ჭირია.
ვფიქრობ, აი, ეს არის მნიშვნელოვანი და ყურადღება სწორედ ამაზე უნდა გამახვილდეს. სამწუხაროდ, ამ საკითხზე არც არავინ წერს და არც არავინ ლაპარაკობს. შეაყარე კედელს ცერცვიო, - ასე გამოდის. ქართულმა პრესამ ანალიზის უნარი დაკარგა, ბუნებრივია, ყველას არ ვგულისხმობ.
პრესა დღეს, გამონაკლისების გარდა, ყოველდღიურობას, სკანდალს, ცილისწამებას, ფეიკ-ნიუსებს არის აყოლილი და აღარ გააჩნია იმის უნარი, რომ საზოგადოებამდე სერიოზული პრობლემები მიიტანოს.
სინამდვილეში, მსჯელობა უნდა მიდიოდეს იმ თემაზე, მთავარ პრობლემაზე - რას აპირებს რუსეთი საქართველოში და როგორ ცდილობს დესტაბილიზაციის გამოწვევას“, - განაცხადა გოგა ხაინდრავა.