logo_geo
eng_logo
„ყავა მივართვი, მანდარინი ვაჭამე, მერე „გამსკოჩეს“... - რას ჰყვება დევნილი ქალი, რომელიც გაძარცვეს
- +

14 თებერვალი. 2019. 23:07

 

„ისე კულტურულად შემოვიდნენ ეს ბიჭები, რას ვიფიქრებდი რამეს…“, – გვიყვება ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ხუტა ბელქანია, აფხაზეთიდან დევნილი 84 წლის ქალი. ხუტა ბელქანია ჩოლოყაშვილის 84-ში, სოციალურ სახლში 2009 წლიდან მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, თუმცა სოხუმიდან წამოსვლის შემდეგ აღარ უმუშავია.

 

გუშინ, 13 თებერვალს, ხუტა ბელქანია გაძარცვეს. გუშინვე ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სპეცოპერაციის შედეგად ამ საქმეზე ძარცვის ბრალდებით ორი ბიჭი დააკავეს.

 

ხუტა ბელქანიას თქმით, ორი ახალგაზრდა ბიჭი მასთან დაახლოებით დღის პირველ საათზე მივიდა.

 

„გავაღე კარი. ბიჭებმა მითხრეს, „სოკარის“ თანამშრომლები ვართ, უნდა გადავამოწმოთო. შემოვიდნენ და რაღაცას ნახულობდნენ… მითხრეს, რომ რაღაც პრობლემაა, თქვენ ნომერს ჩავიწერთ და მალე მოვალთო. მაშინ აქ ჩემი მეგობარი იყო და არ დარჩენილან დიდხანს. მე ჩემი ტელეფონის ნომერი მივეცი და წავიდნენ.

 

მერე დამირეკეს, ჩვენ ვართ ისევ და ხომ შეიძლება მოვიდეთო. მკითხეს, მარტო ხართო, კი-მეთქი და მაშინვე მოვიდნენ… ისევ კულტურულად შემოვიდნენ და დასხდნენ. მითხრეს, ზედამხედველს ველოდებითო. მე ყავა და მანდარინი მივართვი… ამ დროს მითხრეს, ტელევიზორი „რუსთავი 2“-ზე ჩართეო…“- იხსენებს მომხდარს ხუტა ბელქანია.

 

მოხუცს თხრობის გაგრძელება უჭირს. სამზარეულოდან პირდაპირ ჩანს მისაღები ოთახის მაგიდაზე ჩართული ტელევიზორი. მოხუცი ხელით მანიშნებს ტელევიზორის წინ დადგმულ სკამზე.

 

„წავედი ტელევიზორის გადასართავად და უცებ უკნიდან მომხვია რომელიღაცამ ხელი… პირი „გამისკოჩეს“, მერე ხელები და ფეხებიც…“ – გვიყვება მოხუცი.

 

საუბარში მეზობლის ქალი ერთვება: „ამ დროს მეც გამოვიარე და გარედან ფანჯარაზე მივუკაკუნე… სად ხარ, ხუტა-მეთქი. ხმა არ გამცა, ვიფიქრე, ჩაეძინა ალბათ-მეთქი. თურმე ამ დროს დამფრთხალან და გაქცეულან. მე ხუტასთან აღარ შევსულვარ, სახლში დავბრუნდი…“ – ამბობს ის.

 

ხუტა ბელქანიას თქმით, მისთვის ახალგაზრდებს არაფერი მოუთხოვიათ და თავად ეძებდნენ ძვირფას ნივთებს:

 

„თავიდან დივანზე ვიჯექი და ვწვალობდი, გადმოვსრიალდი რამდენჯერმე და დავეცი იატაკზე. მერე სკამზე დამსვეს ძალით… მეზობელმა რომ დააკაკუნა, უცებ წავიდნენ. ძვირფასი ნივთები წაიღეს… მეზობლის ქალი აღარ შემოსულა. მარტომ ვიწვალე ალბათ ერთი საათი… სულ სისხლიანი ვიყავი, ძლივს გავაღწიე გარეთ და შველა ვითხოვე“, – დაასრულა თხრობა ხუტა ბელქანიამ და გვთხოვა, მეტს ნუღარ მკითხავთ, დილის ხუთზე დამაბრუნეს სახლში გამომძიებლებმაო.

 

ხუტა ბელქანიამ მომხდარი შემთხვევის შემდეგ გამოძახებულ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს კლინიკაში გაყოლაზე უარი უთხრა. გვიან საღამოს ის „მედცენტრში“ გადაიყვანეს, რადგან წებოვან ლენტს განსაკუთრებით მოხუცის სახე დაუზიანებია. მოხუცი ამბობს იმასაც, რომ მან ბრალდებულები უკვე ამოიცნო და გამომძიებლებისგან მიიღო პირობა, რომ ძვირფას ნივთებს მალე დაუბრუნებენ.

 

ავტორი: თამარ შველიძე

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner