logo_geo
eng_logo
კახაბერ გვანცელაძე: ვერ გეტყვით, რას უკავშირდება მე-15 ბაღში მძაფრი სუნი, თუმცა „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაზს გამორიცხავს
- +

15 თებერვალი. 2019. 13:44

 

 

თბილისის მე-15 ბაღში, გაფრინდაულის ქუჩაზე, სადაც დილიდან სპეციფიკური სუნი იგრძნობოდა, ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე მივიდა. კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა, რომ სუნის გამომწვევი მიზეზი დადგენილი ჯერ არ არის და სწორედ ამიტომ, ბაღიდან აღსაზრდელების გაყვანა გადაწყდა.

 

„სველ წერტილებში ამოდის მძაფრი სუნი. აქედან გამომდინარე ჩვენ მივმართეთ ბაღის ადმინისტრაციას და ვთხოვეთ, ბავშვები გავიყვანოთ შენობიდან. მშობლებს ისინი უკვე მიჰყავთ. შესაბამის უწყებას, საქალაქო სამსახურს მივმართეთ და ასევე 112-ს. ახლა მიმდინარეობს ამ საკითხის მოგვარება. ვერ გეტყვით ზუსტად, რას უკავშირდება ეს მძაფრი ნივთიერების სუნი. ყოველ შემთხვევაში, „ყაზტრანსგაზ-თბილისის" წარმომადგენლების ინფორმაციით, გაზი გამორიცხულია", - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

 

კომენტარი გააკეთა ასევე მე-15 საბავშვო ბაღის დირექტორმა მარიამ კაპანაძემ. მან აღნიშნა, რომ ბაღში არ გამოიყენება არანაირი ქიმიური საშუალება, რასაც ამ სუნის გამოწვევა შეეძლო.

 

„გავაღეთ ყველა ფანჯარა და მთელი შენობა გავანიავეთ, მაგრამ სუნი პირიქით, გაძლიერდა. მაშინვე დავრეკეთ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში, რომელმაც გამოიძახა შესაბამისი უწყებები. მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, მშობლებს დავკავშირებოდით და მათ ბავშვები ბაღიდან გაეყვანათ. მანამდე ისინი უსაფრთხო სივრცეში, დარბაზებში გამოვიყვანეთ, სადაც სუნი არ იყო. მომხდარს ვერაფერს ვუკავშირებ, სავარაუდოდ, ეს სუნი კანალიზაციის ჭებიდან მოდის. ბაღში არანაირ ქიმიურ საშუალებას არ ვიყენებთ, რადგან არ გამოიწვიოს ალერგია, ამიტომ ყველა შემთხვევაში სხვა ადგილიდან მოდის სუნი. იმედია, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ამას და ორშაბათიდან ჩვეულ რეჟიმში დავუბრუნდებით სასწავლო პროცესს", - განაცხადა მარიამ კაპანაძემ.

 

ადგილზე მობილიზებული იყო 112-ის სამსახური, აგრეთვე, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები, რომელთაც ბაღი უკვე დატოვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner