რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში კორუფციის აღმოფხვრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სანამ სახელმწიფო არსებობს, კორუფციის ცალკეული მაგალითები ყოველთვის იქნება.
„სულელი უნდა იყოს ნოდარ ჯავახიშვილი და ნებისმიერი ხელისუფალი, თუ ჩათვლის, რომ სახელმწიფო ყოველგვარი ცოდვისგან თავისუფალია. სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის ბრალდებით მინისტრებსაც იჭერენ! მხოლოდ სააკაშვილის გადახურებულ თავს შეეძლო წარმოედგინა, რომ საქართველოში კორუფცია სრულად დამარცხდა. სანამ სახელმწიფო არსებობს, კორუფციის ცალკეული მაგალითები ყოველთვის იქნება, მთავარია, მისი დონე მაქსიმალურად შევამციროთ. თუ რომელიმე გამგებელი რაღაცას დააშავებს, ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად გამგებლის ინსტიტუტმა არ გაამართლა, ან პირიქით - თუ უახლოესი სამი წლის განმავლობაში ვინმე არ დააკავეს, არც ეს იქნება არგუმენტი, რომ კორუფცია დამარცხებულია. ისიც გაითვალისწინეთ, ვინ არიან დღეს გამგებლები, საკანონმდებლო დონეზე არავის აქვს უფლება, მათ ყურში ხელი წაავლოს - თითოეული მათგანი ხალხმა აირჩია", - განაცხადა ჯავახიშვილმა.