logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: იმერეთის რეგიონს ეკონომიკური განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს
- +

15 თებერვალი. 2019. 19:58

 

 

წარმოება, ტურიზმი, ბიზნეს სერვისების აუთსორსინგი და კვების მრეწველობა - ეს არის დარგები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ იმერეთის რეგიონის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებად - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში ადგილობრივ მოსახლეობასთან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართული შეხვედრისას განაცხადა.

 

 

 

იმერეთის რეგიონისთვის გამოვყოფდი რამდენიმე ეკონომიკურ მიმართულებას - პირველ რიგშიეს არის წარმოება, რომლის კარგ მაგალითად შემიძლია დავასახელო  ტექსტილის საწარმოემჯიემტექსი“, სადაც დღეს ვიმყოფებოდი. ასეთი საწარმოების გახსნა კიდევ იგეგმება, არიან დაინტერესებული ინვესტორები  და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან პერსპექტიული  მიმართულება, რადგან ასეთი ტიპის წარმოებები გვეხმარება, გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პროდუქცია და ქვეყანაში უფრო მეტი ვალუტა მოვიზიდოთ, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

 

 

 

მეორე მიმართულება, რომელზეც მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, იყო ე.წ. ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი.

 „მაგალითად, ეს არის  ქოლცენტრები, რომლებსაც უცხოური კომპანიები საქართველოში აფუძნებენ. ქუთაისში განსაკუთრებით განვითარდა ეს მიმართულება - რამდენიმე გერმანულმა კომპანიამ გახსნა ასეთი ქოლცენტრები, სადაც ჩვენი მოქალაქეები ემსახურებიან სხვადასხვა კომპანიებს საქართველოს საზღვრებს გარეთ. ასეთ ქოლცენტრებზე მოთხოვნა იზრდება, უკვე არის ამ ბიზნესით დაინტერესებული რამდენიმე ინვესტორი და ეს იქნება ერთ-ერთი ძალიან პერსპექტიული მიმართულება“,- განაცხადა მინისტრმა

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთივე ტიპის ე.წ. ბიზნეს სერვისების აუთსორსინგზე მეტყველებს ქუთაისის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც ინვესტორებმა უკვე გამოხატეს დაინტერესება, რომ განავითარონ მომსახურების საექსპორტო სერვისები (მაგალითად, საექსპორტო იურიდიული მომსახურება, სადაც უცხოური კომპანიები ისარგებლებენ იმ სერვისებით, როგორებიცაა დღეს საქართველოში მოქმედ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში).

 

 

 

ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იმერეთისთვის, მათ შორის, წყალტუბოსთვის, არის აგრეთვე ტურიზმი, სადაც ვგეგმავთ აქტიურად მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტორები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა  სოფლის მეურნეობა. მაგალითად, დღეს გავეცანი ორგანული მწვანილის საწარმოო პროცესს, რომლის ექსპორტიც ხორციელდება ევროპის ქვეყნებში. მწვანილის ექსპორტი არის ძალიან მაღალმომგებიანი ბიზნესი, მაღალი მარჟით და ეს მიმართულება შეიძლება საკმაოდ დიდი ბიზნესის სფერო გახდეს იმერეთის რეგიონისთვის, ამაში ძალიან დაგვეხმარება ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალი, სადაც, ვიმედოვნებთ, გვექნება, საჰაერო-სატვირთო გადაზიდვების საშუალებაც, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმერეთში ვიზიტით იმყოფება. გიორგი ქობულიამ დაათვალიერა რამდენიმე ადგილობრივი საწარმო, მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ბიზნეს ფორუმში და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner