logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: არცერთი სოფელი არ იქნება დაზარალებული
- +

25 თებერვალი. 2016. 14:19


საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მთის კანონთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხობს და აცხადებს, რომ აღნიშნული კანონი არცერთ სოფელს არ დააზარალებს. როგორც კობახიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მაღალმთიანი სოფლებს სტატუსი მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის გამო აღარ მიენიჭებათ და შერჩევა სხვა კრიტერიუმებითაც მოხდება.

 

„ჩვენს მიერ მიღებული მთის კანონის ამოქმედებამდე არსებობდა ძველი კანონი, სადაც სრულიად შემთხვევით იყო სტატუსი მინიჭებული ისეთ სოფლებზე, რომლებიც რეალურად არანაირი მოცემულობით არ იმსახურებდა ამ სტატუსს. ამან გამოიწვია ისიც, რომ კანონი არ მუშაობდა. ამ კანონის არსებობა უფრო სიმბოლური იყო. რეალურად, არავითარი რეალური შეღავათი არ ჰქონიათ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სოფლებში ცხოვრობდნენ. ჩვენ წავედით სხვა გზით. გვინდოდა, რომ კრიტერიუმები ყოფილიყო უფრო მკაფიო, მკაცრი და დაცული. იმ სოფლებს, რომლებიც ამ სტატუსს მიიღებდნენ, ნამდვილად უნდა მიეღოთ სარგებელი და არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ფორმალური ჩანაწერი მაღალმთიანი სოფლის სტატუსის შესახებ. მთავრობის დონეზე შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელმაც შეიმუშავა ეს კრიტერიუმები. ნებისმიერი სოფლის მიმართ ამ სტატუსის მინიჭება ხორციელდება მკაცრად დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. აქ მხოლოდ გეოგრაფიული სიმაღლე არ არის საკმარისი. ამიტომ, გამოვყავით დემოგრაფიული კომპონენტი, სოფლის წვდომა მუნიციპალურ ცენტრთან, სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავების შესაძლებლობები. სოფელი უნდა პასუხობდეს ამ კრიტერიუმებს.

 

1 აპრილამდე უნდა დაზუსტდეს მონაცემები. არ გამოვრიცხავ, რომ ვადამ გადაიწიოს. არცერთი სოფელი არ იქნება დაზარალებული", - განაცხადა მანანა კობახიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner