logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ანაკლიის პორტი არა მამუკა ხაზარაძის, არამედ სახელმწიფოს პროექტია
- +

18 თებერვალი. 2019. 12:37

 

 

„მამუკა ხაზარაძე და ყველა პირი, რომელსაც საქმე ეხება, ყველაფერს უნდა აკეთებდნენ, რათა მათთან პიროვნულად დაკავშირებულმა კითხვებმა ბანკი არ დააზიანოს“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კითხვები, არა „თიბისი ბანკის“ მიმართ არამედ კონკრეტული ხელმძღვანელების სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე ისმის.

 

„არ მგონია, რომ ბანკისადმი ისმოდეს კითხვა. კითხვა ისმის კონკრეტული ხელმძღვანელების სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, რომლის მიმღები პირებიც ზრდასრული, კომპეტენტური და საკმაოდ მნიშვნელოვანი წარსულის მქონე ადამიანები არიან, ისინი ალბათ არ იზამენ ისე, რომ თუ მათ შეექმნათ პრობლემა, გადაიყოლონ ინსტიტუტიც, იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. ეროვნული ბანკის მხრიდან ვხედავთ, რომ მისი მიზანი ეს არ არის. პირიქით, ეროვნული ბანკის მიზანია, რომ ყველა საბანკო ინსტიტუტი დაცული იყოს და გამართულად აგრძელებდეს მუშაობას. ამიტომ ბურთიც და მოედანიც მისია, ვგულისხმობ მამუკა ხაზარაძეს, როგორც თავად მოიქცევა, ისე იქნება მისი ბანკიც. ის, რომ კითხვა არ დამისვათ, რადგან დიდი ბანკირი ვარ, მგონია, არასწორია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

თეა წულუკიანმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ანაკლიის პორტი მამუკა ხაზარაძის პროექტია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

 

„ანაკლია არის სახელმწიფოს პროექტი, სახელმწიფომ გამოაცხადა ტენდერი და მოისურვა ანაკლიის პორტის მშენებლობა. თითქოს მამუკა ხაზარაძემ ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ აქ მე პორტს ავაშენებ და ეს ქვეყნისთვის კარგია, ეს ასე არ არის. სახელმწიფო როდესაც პროექტს ახორციელებს და ჰყავს დაქირავებული, ტენდერში გამარჯვებული ადამიანი, საკუთარი პროექტის ჩავარდნა რატომ უნდა უხაროდეს. ამიტომ მე ერთს მეორესთან არ დავაკავშირებდი. სპეკულაციები, რომ კითხვები, რაც მამუკა ხაზარაძის მიმართ ისმის საბანკო საქმიანობის ნაწილში, ანაკლიის პორტს დაუკავშირონ, არის ოპოზიციის მცდელობა, რომ ეს საკუთარ თემად აქციოს. არ მგონია, რომ მამუკა ხაზარაძე იმდენად გამოუცდელი იყოს, რომ ამ მახეში გაებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner