ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 3-წლიანი პროექტი უნდა განხორციელდეს. პროექტის ძირითადი კოორდინატორი, ჯანდაცვის სამინისტრო იქნება. ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრა „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს.
პროექტი მიზნად ისახავს, არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწას, სოციალურ მუშაკთა სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას, ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების სახელმწიფო რეგულირების ჩარჩოში მოქცევას და მინდობით აღზრდის პრაქტიკის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში, ჩართულები იქნებიან საპატრიარქო, სახალხო დამცველის აპარატი, ჯანდაცვის სამინისტრო და არასამთავრობო სექტორი.
დღეს პარლამენტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში, შემუშავებული ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვას იწყებს. კოდექსი წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას, კონკრეტული მექანიზმების საფუძველზე, თუ როგორ უნდა მოხდეს თითოეული ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა.