სომხეთმა, შესაძლოა, რუსეთისგან შეიარაღებისთვის ახალი კრედიტი მიიღოს. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავიდ ტონოიანმა განაცხადა. მისი თქმით, ახალი კრედიტის გამოყოფა მიმდინარე 100 მლნ-ანი კრედიტის რეალიზების შემდეგ მოხდება.
„შესაძლებელია. შეიარაღების კონკრეტულ ნომენკლატურაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია“, - განაცხადა დავიდ ტონოიანმა.
სომხეთმა მოსკოვისგან პირველი საექსპორტო კრედიტი 200 მლნ დოლარის ოდენობით მიიღო. ბოლო შეთანხმება 100 მლნ დოლართან დაკავშირებით, 2017 წლის ბოლოს გაფორმდა. კრედიტის დაფარვის ვადად 15 წელიწადი განისაზღვრა (2023-დან 2037 წლამდე) წლიური 3% სანაცვლოდ.
სომხეთმა უნდა ისარგებლოს საკრედიტო თანხით 2018-2022 წლებში.
სომხეთის თავდაცვის უწყებაში მიმდინარე თვეში განაცხადეს, რომ 100 მლნ-ანი კრედიტის ფარგლებში შეიარაღების შეძენის რეალიზება მიმდინარეობს.
კერძოდ, იგეგმება ოთხი რუსული გამანადგურებლის СУ-30 СМ-ის შესყიდვა. რუსულმა „კომერსანტმა“ კი, რუსეთის საავიაციო მრეწველობის ერთ-ერთ ტოპ-მენეჯერზე დაყრდნობით დაწერა, რომ სომხეთი გამანადგურებლებს 2020 წელს მიიღებს.