საქართველოდან ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 70 პროცენტით შემცირდა. მონაცემები გამოცემა „ჰაარეცის“ (Haaretz) სტატიაშია გამოქვეყნებული.
ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის ცნობით, 2017 წელს თავშესაფარი ისრაელში საქართველოს 1 351-მა მოქალაქემ მოითხოვა, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 399-მდე შემცირდა.
განაცხადების რაოდენობის შემცირებას ისრაელში 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირებენ, როდესაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარეს. შედეგად, გამარტივდა თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვა და მათზე უარყოფითი გადაწყვეტილებების გამოტანა.
„Haaretz“ მიუთითებს, რომ 2018 წელს ისრაელში არ შეუშვეს რუსეთის, უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და ბელარუსის 17 ათასი მოქალაქე.
„უარის თქმის ძირითადი მიზეზი იმიგრაციის სამსახურის ვარაუდია, რომ მოქალაქეები არ დატოვებდნენ ქვეყანას კანონით დადგენილი, სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ. მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში უარი უკავშირდებოდა უსაფრთხოებას ან კრიმინალს“, – წერია სტატიაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს მონაცემებით, ისრაელში გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეებიდან ყოველ მეათეს უკან აბრუნებენ. უწყების ცნობით, 2019 წლის იანვარში ისრაელში საქართველოს 1 320 მოქალაქე გაემგზავრა, ქვეყანაში შესვლა კი 141-მა ვერ შეძლო.