პანკისის ხეობაში სალაფიტური თემის იმამად 45 წლის ზურაბ ქავთარაშვილი (აბუ მუსლიმი) აირჩიეს. ზურაბ ქავთარაშვილი 2003 წლიდან 2018 წლის ზაფხულამდე იორდანიაში ცხოვრობდა, სადაც სასულიერო განათლება მიიღო. იგი დოქტორანტია ყურანის განმარტების სფეროში.
ზურაბ ქავთარაშვილი სოფელ დუისში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და 4 შვილი. პანკისის სალაფიტური თემის იმამის პოზიციაზე მან თემურ (აბდულ ქერიმ) ქავთარაშვილი შეცვალა, რომელიც სალაფიტურ თემს 2018 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობდა. ჯამაათის წევრების ინფორმაციით, თემურ ქავთარაშვილი თავისი ნებით გადადგა.
ახალი იმამი ზურაბ ქავთარაშვილი არ ადასტურებს ხეობაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან ერთ-ერთი ქადაგებისას თემის წევრებს მოუწოდა, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა არ მიიღონ.
„სასულიერო პირი ვარ და ვცდილობ დისტანცია მქონდეს ამ საკითხთან. ხეობამ გადაწყვიტოს. ხეობის მოსახლეობის არჩეულია საბჭო. მაგათ არჩევანს პატივს ვცემ“, - განაცხადა ახალმა იმამმა, ზურაბ ქავთარაშვილმა.