logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: მასზე ბევრჯერ დავწერე და დღესაც ახლებურად გავიხსენებ...
- +

19 თებერვალი. 2019. 02:15

 

მასზე ბევრჯერ დავწერე და დღესაც ახლებურად გავიხსენებ...
1940 წლის 18 თებერვალს ფოთში დაიბადა ფირცხალავების გვარის კიდევ ერთი ღირსეული და უნიჭიერესი წარმომადგენელი (სხვაში გიგლა ფირცხალავას ვგულისხმობ, რამე არ იფიქროთ), სახელოვანი ქართველი მსახიობი, კაცური მომხიბვლელობისა და მიხვრა-მოხვრის დიდსოტატი, საქართველოს ღირსეული მოქალაქე გურამ ფირცხალავა.

გურამს, რასაკვირველია, კარგად ვიცნობდი, თუმცა ნათესავები არ ვყოფილვართ... ჩემთან შეხვედრას სიყვარულით სავსე საყვედურით იწყებდა ხოლმე, გოგო, მეგრული არ უნდა იცოდე, შენ რანაირი ფირცხალავა ხარო და მერე დააყოლებდა, ფირცხალავების თვალი ხარო... მე კი არა, მთელი დუნია უყვარდა და რა გასაკვირია, რომ ფირცხალავას ფირცხალავას ქალითვის ეთქვა კომპლიმენტი?! არ ვიცი, დამთხვევა იყო, თუ დედისადმი განსაკუთრებული სიყვარული, მაგრამ რამდენჯერაც სადმე ერთად აღმოვჩნდებოდით, იმდენჯერ სულ მასზე ლაპარაკობდა...

მახსოვს, ერთხელ ფოთისკენ გზაზე დაგვემგზავრა და მაშინაც, ყოველი მეორე სიტყვის შემდეგ დედას ეფერებოდა და მის ნახელავ კერძებს აქებდა... დღეს არ მინდა, მისი პირადი ცხოვრების პიკანტური დეტალები გავიხსენო... სჯობს, ყველამ ჩვენს საკუთარ პიკანტ-პუკანტებს მივხედოთ... იცოცხლე, გასახსენებელი ბევრი გვექნება, მაგრამ ერთს კი ვიტყვი, რომ გურამს სიგიჟემდე უყვარდა თავისი თანგული, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე არ მოშორებია გვერდიდან და ბევრი სირთულე გადაალახვინა... გურამი ის კაცი იყო, ვინც ქიციც იცოდა და ქიცმაცუნიც...


თბილისის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გურამი მუშაობდა გორის და მარჯანიშვილის თეატებში, მაგრამ ხალხს, ყველაზე მეტად, ფილმებით დაამახსოვრა თავი: „ჯვარცმული კუნძული“, „ციმბირელი პაპა“, „პირველი მერცხალი“, „ყვარყვარე“, „სპირალი“, „ძმა“, „მოცურავე“, „მამა“, „თეთრი ბაირაღები“, "ადამიანთა სევდა“ და მრავალი სხვა... სულ 71 ფილმში ითამაშა და 71 შედევრალური სახე შექმნა, იქნებოდა ეს მთავარი თუ ეპიზოდური როლი... არ არსებობს, რომ წამით მაინც გამოჩენილიყო ეკრანზე და მისი სახე არ დაგმახსოვრებოდა... ამას გადაჭარბების გარეშე ვამბობ, გულწრფელად და არა იმიტომ, რომ ფირცხალავაზე ვწერ... ბოლოსთვის სპეციალურად შემოვინახე მისი რაჟა სარჩიმელია „დათა თუთაშხიაში“... აბრაგზე როგორ დავწერო, რაინდი იყო–მეთქი, მაგრამ იყო და რაიდულად ითამაშა... როლი ითამაშა რაინდულად, თორემ სიცოცხლეში ჭეშმარიტი რაინდი იყო, თამაშის გარეშეც. ფოთელი რაინდი გურამ ფირცხალავა, წვალების მიუხედავად, იმქვეყნადაც რაინდად წავიდა. კაცს ვერ ნახავთ, მასზე აუგი თქვას... რა ვიცი, მე ასეთები არ შემხვედრიან...
გურამ ფირცხალავა გარდაიცვალა 2014 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

თეა ფირცხალავ

 

 


 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner