logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროგრამის წარდგენაზე
- +

19 თებერვალი. 2019. 11:17

 

საქართველოს მთავრობა იწყებს 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი პროგრამის განხორციელებას, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობის დაცვა კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფებისაგან. ფართომასშტაბიანი პროგრამის დაფინანსებაში გაერთიანებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) გრანტი (27 მილიონი აშშ დოლარი), საქართველოს მთავრობის წვლილი (38 მილიონი აშშ დოლარი) და შვეიცარიის მთავრობის გრანტი (5 მილიონი აშშ დოლარი). პროგრამა შესრულდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ხოლო მისი უშუალო განმახორციელებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა სხვა სამთავრობო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

 

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროგრამის საჯარო წარდგენა გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

 

მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.

 

დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ეძღვნება ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოწვევას - კლიმატის ცვლილებას და მასთან ბრძოლის გზებს. ყველამ კარგად ვიცით, როგორ გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ეკოლოგიაზე, როგორ ემუქრება ადამიანების სიცოცხლეს და მის კეთილდღეობას და რა მასშტაბის ზარალს აყენებს ეკონომიკას. ცხადია, ამ გამოწვევას ვერც ერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება და შესაბამისად, საჭიროა საერთო ძალისხმევის გაერთიანება.

 

 

ჩვენი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობისა და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს კლიმატური ცვლილებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეებისგან. შესაბამისად, საქართველო დგამს ნაბიჯებს, რათა კლიმატური რისკები და მათგან დაცულობის უზრუნველყოფა გათვალისწინებული იყოს განვითარების დაგეგმარებასა და განხორციელებაში.

 

ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ოფიციალურად ვხსნით კლიმატის  მწვანე ფონდისა და შვეიცარიის მთავრობის  მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოებას, რათა უკეთ შევძლოთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ბუნებრივ საფრთხეებთან გამკლავება.  კლიმატის ცვლილება დღითიდღე სულ უფრო ინტენსიურად იჭრება ჩვენს ყოველდღიურობაში და არღვევს ჩვეულ რიტმს. შესაბამისად, კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების პოლიტიკა არსებულ გამოწვევებს უნდა პასუხობდეს.

 

ჩვენს სამთავრობო პროგრამაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გვაქვს წარმოდგენილი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შესამცირებლად დაკვირვების ქსელის გაფართოება, მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება და ადრეული შეტყობინების ეროვნული სისტემის დანერგვა. შესაბამისად, დღეს წარმოდგენილი პროექტი უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია სწორედ ამ მიზნის მისაღწევად. ამ ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელებით  საქართველოს უკვე მიეცემა კლიმატური ინფორმაციის ანალიზისა და ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზის შესაძლებლობა.

 

კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის პროგრამის განხორციელება მინიმუმამდე დაიყვანს ბუნებრივი კატასტროფების გარდაუვალობას, შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ ბუნებრივი მოვლენებით, სტიქიებით გამოწვეული კატასტროფები, დავიცვათ ათასობით ადამიანი მაღალი რისკის რეგიონებში, მათ შორის, მაღალ მთაში და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში,  შევამციროთ ეკონომიკური ზარალი. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ პროგრამა, რომლის მიზანია შეამციროს კლიმატის ცვლილების გავლენა, პირდაპირ ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების მიღწევას.

 

საქართველოს მთავრობის ძალისხმევით,  2017 წლიდან  ჩვენი ქვეყნისთვის ძალაში შევიდა პარიზის შეთანხმება, რითაც შევუერთდით გლობალურ ძალისხმევას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და მთავრობა აქტიურად მუშაობს პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შევძლებთ ჩვენს მოსახლეობას დავეხმაროთ და შევამციროთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზიანი.

 

კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება კოპლექსური თემაა და გარკვეულწილად, ფინანსური ტვირთის მატარებელია, საერთაშორისო მხარდაჭერა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

 

დაბოლოს, როგორც იცით, მდგრადი განვითარების მიზნები გახლავთ ერთადერთი გლობალური დღის წესრიგი 2030 წლისთვის, რომლის შესრულებაშიც ყველა ქვეყანა თანაბრად უნდა იყოს ჩართული და არავინ არ უნდა დარჩეს ამ პროცესის მიღმა.

 

მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს როგორც ეროვნულ, ისე რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. ამიტომ დღესვე უნდა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, რათა შემდგომ თაობებს შევუქმნათ მდგრადი და პროგნოზირებადი მომავალი.

 

მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებებს“.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner