ოთხი დღის განმავლობაში უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ, ბიბლიოთეკა მაქსიმალურად გაიმდიდროთ.
საგანგებოდ ამ დღისთვის გამოფენილი და მწყობრად ჩალაგებული ათასობით წიგნი, მკითხველის აღტაცებული თვალები და შთაბეჭდილებები, რომელიც მთელი წელი გაგყვებათ - ქვეყნის სრულიად ლიტერატურული სამყარო 26 მაისისთვის ემზადება, სწორედ ამ დღეს თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად იხსნება - ტრადიციულად, გამომცემლები საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში გიმასპინძლებენ. უცვლელია ფესტივალის ხანგრძლივობაც - ოთხი დღის განმავლობაში უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ, ბიბლიოთეკა მისაღებ ფასად მაქსიმალურად გაიმდიდროთ თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურით.
წიგნის ფესტივალი უკვე გადაიქცა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად. ამას ისიც მოწმობს, რომ დამთვალიერებელთა რიცხვი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება - ჩნდება იმედიც, რომ წიგნი ქართველი მკითხველის ცხოვრებაში ღირსეულ ადგილს იბრუნებს. ყოველწლიურად ფესტივალის
ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი გამომცემლობა „პალიტრა L"-ია, რომელიც ტრადიციულად, ე.წ. შოურუმში, ყველაზე მრავალფეროვანი სტენდითა და წიგნებით გამოირჩევა.
გამომცემლობა წიგნის მოყვარულებს დიდ არჩევანს, გრანდიოზულ ფასდაკლებებსა და საინტერესო აქციებს წელსაც ჰპირდება.
„თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის ყოველწლიურად განსაკუთრებულად ვემზადებით. ამჯერადაც ლიტერატურის მოყვარულებს მნიშვნელოვან ფასდაკლებებსა და ფართო არჩევანს ვთავაზობთ. განსხვავებული იქნება „პალიტრა L"-ის სტენდიც, სადაც რამდენიმე გრანდიოზულ პროექტს წარვადგენთ. ერთ-ერთი „ვინქს-კლუბი" იქნება. ეს არის მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდი, რომლის ოფიციალური პარტნიორიც ცოტა ხნის წინ ჩვენი გამომცემლობა გახდა. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ „ვინქს"-ის ფერიებთან ფოტოებიც გადაიღონ. არა მხოლოდ ძველ, ახალი სერიების წიგნებსაც მკითხველს 80%-მდე ფასდაკლებით შევთავაზებთ. ფასდაკლებები გავრცელდება პოპულარულ სერიებზე „ტოპთრილერი"", „ბიზნესლიტერატურა", „ლიბერთინსი", „ლიბერქიდსი", „წლის ბესტსელერი" და ა.შ." - აცხადებს გამომცემლობა „პალიტრა L"-ის PR მენეჯერი ნათია ზაქრაძე.
ფასდაკლებებთან ერთად, წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, „პალიტრა L" მკითხველს ყოველწლიურად საინტერესო ღონისძიებებითაც ანებივრებს.
თანამედროვე სამყაროში წიგნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში არც ისე მარტივი პროცესია. უმრავლესობას კითხვას თავისუფალი დროის კომპიუტერთან გატარება ურჩევნია, თუმცა,
„პალიტრა L"-მა საქართველოში ახალგაზრდა თაობის ლიტერატურით დაინტერესებაც მოახერხა. ამის მაგალითად გამომცემლობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი Liberteens -იც საკმარისია. „პალიტრა L"-მა 20-მდე წიგნის მოყვარული ახალგაზრდა ერთ ჯგუფში გააერთიანა და მათ თინეიჯერებისთვის სასურველი ლიტერატურის შერჩევის შესაძლებლობა მისცა. ახალგაზრდები მსოფლიო ბესტსელერებს ორიგინალში კითხულობენ და გამომცემლობას იმ წიგნის გამოცემას ურჩევენ, რომელიც, მათი აზრით, თანატოლებს დააინტერესებთ. პროექტის სლოგანიც ასეთია: „შენი თაობის არჩევანი".
მათი თანატოლები კი პროექტის „ფეისბუქის" გვერდზე, განიხილავენ ამ წიგნებს და მოსაზრებებსა და შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებენ. სწორედ ფესტივალის ფარგლებში, Liberteens საკუთარი იუბილეს აღნიშვნას, შარშანდლის მსგავსად, კოსტიუმირებული კარნავალით გეგმავს - ახალგაზრდულ პროექტს ორი წელი უსრულდება.