logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში!
- +

19 თებერვალი. 2019. 12:02

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ, პარიზში პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში „SciencesPo“ საჯარო ლექცია წაიკითხა „საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში“.

 

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, საქართველოს პრეზიდენტმა საჯარო ლექციისას ისაუბრა, საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და აღნიშნა, რომ საქართველომ რეგიონში სტაბილურობის კუნძულის სტატუსი შეინარჩუნა.

 

„მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში! - ეს არის ჩვენი დევიზი. საქართველოს ღირებულებები ევროპის ძირძველი ღირებულებებია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

თუმცა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავარ პრობლემად კვლავ ოკუპაცია რჩება და ეს საკითხი კვლავ გადაუჭრელია.

 

„ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აგრესიულ პოლიტიკურ კურსს არ ცვლის და ეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა. საქართველოს თანამედროვე რეალობა ერთდროულად არის ჩვენი უდიდესი წარმატება, რაც ევროპასთან დაახლოებაში გამოიხატება და რუსეთის მხრიდან ჩვენი შევიწროებით გამოწვეული პრობლემები. ჩვენ ვაგრძელებთ ევროპასთან დაახლოებას და ხშირად გვეკითხებიან, რას ელით ევროპისგან, ამ მომენტში, როდესაც პოპულისტური პოლიტიკის, ბრექსიტის და დიდი გამოწვევების წინაშე დგას ევროპა, როგორ დაგეხმარებათ თქვენ - საქართველოს? გვეუბნებიან, რომ ამ მომენტში ევროპას ჩვენთვის არ სცალია. მაგრამ ჩვენ გვცალია ევროპისთვის და ჩვენ არ შევჩერდებით, სრული მონდომებით გავაგრძელებთ ევროპის კარებზე კაკუნს. მე თავად ვასწავლიდი ევროკავშირის ისტორიას და ვიცი, რომ ყოველი დიდი გამოწვევა ევროპისთვის, პირიქით აძლიერებს და ამყარებს ევროკავშირს. შესაბამისად, ბრექსიტი მხოლოდ გამოწვევა არ არის, მე ვიცი, რომ ევროპა განახლებული ძალით შეძლებს გააკეთოს მობილიზება და ისიც ვიცი, რომ როდესაც დიდი ხანი ვიღაც გიკაკუნებს კარებზე, ადრე თუ გვიან აუცილებლად უღებ მას კარს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპასთან შავი ზღვა აახლოებს, თუმცა ქვეყნისთვის ევროპა მხოლოდ გეოგრაფია არ არის.

 

„ჩვენი ძირეული ღირებულებები ევროპული ღირებულებებია. ჩვენ შევინარჩუნეთ ქრისტიანობა და ტოლერანტობა, რადგან სხვა გამოსავალი არ გვქონდა. ეს ჩვენი გადარჩენისთვის იყო აუცილებელი. შესაბამისად, ჩვენ ვართ ევროპელები და სხვა გზა, სხვა პერსპექტივა არ გვაქვს. ევროპა არის ჩვენი სახლი, ჩვენი იდენტობის ნაწილი, ჩვენი გადარჩენის წინაპირობა და ჩვენ ადრე თუ გვიან ევროკავშირის წევრები ვიქნებით“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილმა თავის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია და ოცნებები განხორციელებადია.

 

„მე ვიცოდი, რომ საქართველო გახდებოდა დამოუკიდებელი და ვიცოდი, რომ უნდა მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, როცა ამის დრო დადგებოდა. ყველაფერი შესაძლებელია, ჩემი პირადი მაგალითი ამას ადასტურებს. მე დღეს ვარ საქართველოს პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ოცნებასაც კი ვერ ვიფიქრებდი ადრე. თუმცა ის, რომ ყველაფერი შესაძლებელია მეხება არა მარტო მე, არამედ ჩემს ქვეყანასაც. ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი ისტორიის და პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, საქართველო შეძლებდა მოსულიყო აქამდე, გადარჩენილიყო, შეენარჩუნებინა თვითმყოფადობა და ჩვენ ჩვენი კულტურით, ისტორიით და იდენტობით არა მარტო უბრალოდ გადავრჩით, ჩვენ შევძელით, რომ დავბრუნებოდით ჩვენს ისტორიულ და კულტურულ სამშობლოს - ევროპას, რომლის ნაწილიც ვართ და ყოველთვის ვიყავით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ზურაბიშვილის თქმით, საუკუნეების წინ, ქართველი დიპლომატები მოდიოდნენ ევროპაში, რათა ეთხოვათ დახმარება. მისივე თქმით, ქვეყნის მძიმე ისტორიას მოჰყვა საბჭოთა პერიოდი, და 80 წლის განმავლობაში ევროპულ ოჯახში დაბრუნების იმედიც კი დაიკარგა.

 

„ამ დროს იყო მხოლოდ ოცნება, ყოველი ქართველი ოცნებობდა მოხვედრილიყო პარიზში, მაგრამ ეს იყო ოცნება, რომელიც გვეგონა ყოველთვის ოცნებად დარჩებოდა. დღეს კი, ვიზა-ლიბერიზაციის პირობებში ქართველები ევროპაში თავისუფლად ჩამოდიან“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტს „SciencesPo“-ს პრეზიდენტმა ფრედერიკ მიონიმ უმასპინძლა, რომელმაც საჯარო ლექცია გახსნა და სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

 

საჯარო ლექციის დაწყებამდე „SciencesPo“-მ, სოციალური ქსელით, მისი ყოფილი სტუდენტის სალომე ზურაბიშვილის ფოტოსურათიანი ანკეტა გაავრცელა. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტში 1969-1972 წლებში სწავლობდა, ხოლო 2006-2015 წლებში ამავე ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი იყო. დებატებს მოდერაციას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლის დეკანი, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ენრიკო ლეტა უწევდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner