logo_geo
eng_logo
პენიტენციური სამსახური უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსთავში მშენებარე ორ ახალ საპყრობილეში პატიმრებს გუანტანამოს ციხიდან ჩამოიყვანენ
- +

19 თებერვალი. 2019. 12:33

 

 

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსთავში მშენებარე ორ ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ამერიკიდან, ე.წ. გუანტანამოს ციხიდან ჩამოყვანილი პატიმრები მოიხდიან.

 

„გუანტანამოს ციხის პატიმრების ჩამოყვანა ეს არის სიცრუე. რუსთავის ახალ დაწესებულებებში საშუალო რისკის მქონე პატიმრების განთავსება იგეგმება“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში რუსთავის მცხოვრებლებში არსებული ინფორმაციის საპასუხოდ.

 

ამასთან, პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, რუსთავში მშენებარე ორი ციხიდან ერთი 120 პატიმარზე, მეორე კი 700 პატიმარზეა გათვლილი. უწყებაში განმარტავენ, რატომ შეირჩა ახალი ციხეებისათვის რუსთავი და ქალაქის ისეთი დასახლებული ტერიტორია, როგორიც ე.წ. ჭყონდიდელის დასახლებაა.

 

„ამ პროექტისთვის საჭირო იყო ისეთი ტერიტორიის შერჩევა (დაახლოებით 20 ჰექტარი), სადაც შესაძლებელი იქნებოდა ორი პენიტენციური დაწესებულების განთავსება; სახელმწიფომ შემოგვთავაზა ის ტერიტორია, რაც გააჩნდა თავისუფალი; ადგილის შერჩევისას ასევე მნიშვნელოვანია კომუნიკაციების სიახლოვე, რადგან თუ არ იქნება ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და წყალი, ვერ აშენდება საერთაშორისო სტანდარტის დაწესებულება. ასევე გასათვალისწინებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებობა (ვიზიტორი პირებისთვის) და კლიმატური პირობები - მშრალი კონტინენტური ჰავა“, - განმარტეს პენიტენციურ სამსახურში და იქვე ხაზი გაუსვეს, რომ ახალი დაწესებულებები რუსთაველებისათვის დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.

 

საერთო ჯამში ორივე დაწესებულებაში 600-ს ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება. ორივე პროექტში 50 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner