„ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში ბრალდებულები გ.გ. და პ.დ. დამნაშავედ ცნო“, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 14 მაისს, გ.გ. და პ.დ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ ქ.ქუთაისში, შპს „იკა-ტურიზმის“ თანამშრომელს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით, ფირმის კუთვნილ 8 850 აშშ დოლარს და 2050 თურქულ ლირას დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა გ.გ. და პ.დ. 2018 წლის 19 მაისს ქუთაისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გ.გ. და პ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.