თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესების დროს ძალადობაზე სასჯელის გამკაცრებას მიესალმება.
მისი თქმით, მათ, ვინც სოფელ კორცხელში დაპირისპირება მოაწყო და დანაშაული ჩაიდინა, აუცილებლად უნდა აგონ პასუხი.
„ძალადობაზე, რაც 2 დღის წინ სამეგრელოში ვიხილეთ, პასუხი ძალიან მკაცრი უნდა იყოს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ქაოსისკენ წაყვანა არავის ეპატიება და აუცილებლად პასუხს აგებენ. ვინაიდან წინ საპარლამენტო არჩევნებია, ძალიან სწორია პრემიერის ინიციატივა, სწორედ იმის საჩვენებლადაც, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება კანონი ასეთ შემთხვევებზე. ანუ, დღევანდელი კანონმდებლობით დაისჯება ის, ვინც გუშინწინ ეს საძაგლობა ჩაიდინა. გზავნილი ჩემი აზრით, ნათელია, რომ კანონი ასეთ შემთხვევებზე კიდევ უფრო გამკაცრდება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე სანქციები გაამკაცროს.