logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით უხერხულობაში ვვარდებით
- +

19 თებერვალი. 2019. 14:47

 

 

„უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით უხერხულობაში ვვარდებით, აშკარად ჩანს პრეზიდენტის კითხვის ნიშნები ამ საკითხთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს წარადგენს.

 

„პოლიტიკური გადასახედიდან ცოტა უხერხულობაში ვვარდებით, ჩემი აზრით, როცა პრეზიდენტის კომენტარებს ტელევიზიით ვიგებთ, სადაც აშკარად ჩანს პრეზიდენტის კითხვის ნიშნები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, ეს უხერხულობა მოვხსნათ. მე ვფიქრობ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უზრუნველვყოთ პრეზიდენტის ოპერატიული ინფორმირებულობა უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობაზე. ამიტომ, რაღაც გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. არის ტექნოკრატიული არგუმენტები და გასაგებია, რომ პრემიერი ვერ უხელმძღვანელებს საბჭოს, სადაც ჩვეულებრივი წევრი იქნებოდა პრეზიდენტი, მაგრამ იქნებ პრეზიდენტის წარმომადგენელი მაინც იყოს მიწვეული მუდმივმოქმედ წარმომადგენლად, რაც უზრუნველყოფს მის ოპერატიულ ინფორმირებულობას. ვსაუბრობთ პრეზიდენტზე, რომელიც არის უმაღლესი მთავარსარდალი. ნუ გავწელავთ ამ პროცესს, პატივი ეცით პარლამენტს. გავითავისოთ ყველამ, რომ პარლამენტი არ არის ნოტარიალური ორგანო. საქართველოს პრეზიდენტი არის ყველას პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად უნდა ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც არის უსაფრთხოების საბჭოში“, - მიმართა კვაჭანტირაძემ ნათია მიქელაძეს.

 

შეგახსენებთ, რომ „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის შედეგად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სათათბირო ორგანო - ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნება. პროექტის მიხედვით, საბჭოს რვა მუდმივი წევრისგან შედგება და ესენი არიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.

 

საბჭოს მდივნის ფუნქცია საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს დაეკისრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner