„2018 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 15 წლის განმავლობაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, 2018 წელს პირველად დაფიქსირდა, როცა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას და მისმა წილმა მთლიან დასაქმებაში 50.8 პროცენტი შეადგინა, რაც, მიქაბაძის შეფასებით, ეკონომიკის პროდუქტიულ სექტორებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ზრდაზე მიუთითებს.
„უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება გამოიწვია სტაბილურმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა, რომლებიც საქართველოში ბოლო წლებში ფიქსირდება რეგიონში არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების ფონზე. მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრობის დონემ ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ის შემცირდა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
მისი თქმით, მამაკაცებში უმუშევრობის დონე შემცირდა 1.1 პროცენტული პუნქტით და 13.9% შეადგინა, ხოლო ქალებში - 1.5 პროცენტული პუნქტით და 11.2 პროცენტი შეადგინა. ზოგადად, 2018 წელს უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 30.7 ათასით და 245.7 ათასი შეადგინა.
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2018 წელს დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 12.4 ათასით და 1694.2 ათასი შეადგინა.
„დასაქმებულთა რაოდენობის მცირედი შემცირება განპირობებულია თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა კი მნიშვნელოვნად - 35.9 ათასით არის გაზრდილი და 860.2 ათასს შეადგენს. თვითდასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 48.2 ათასით და 833.4 ათასი შეადგინა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.