logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანია საფრანგეთის მზადყოფნა და მხარდაჭერა, რომ იყოს ჩვენს გვერდით
- +

19 თებერვალი. 2019. 16:14

 

 

„მნიშვნელოვანია საფრანგეთის მზადყოფნა და მხარდაჭერა, რომ იყოს ჩვენს გვერდით“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთთან საკუთარი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.

 

„ჩემთვის ეს დღე არის ძალიან სიმბოლური. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოს ფარგლებს გარეთ, ბრიუსელის შემდეგ და ესეც ნიშანდობლივია, რომ ევროპის ინსტიტუტების შემდეგ საფრანგეთში იწყება ჩემი შეხვედრები და ვიზიტები.

 

მე აქ უცხოელი არ ვარ. აქ დავიბადე, გავიზარდე და ვეზიარე ფრანგულ კულტურას. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ჩემი აქაური მეგობრებისთვისაც, რომლებიც დღეს მე ასე თბილად და პოზიტიურად მიღებენ და შესაბამისად, საქართველოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ამგვარად გავხდი ის, რაზედაც ვოცნებობდი, ანუ ხიდი საქართველოსა და ევროპას შორის, ხიდი საქართველოსა და საფრანგეთს შორის.

 

საფრანგეთი არ არის საქართველოსთვის ერთი რიგითი ევროპელი ქვეყანა. საფრანგეთი წარმოადგენს სხვა რამეს, სიმბოლოა თავისუფლების, სუვერენობის. თავისუფლების იმიტომ, რომ საფრანგეთის მთავრობამ მიიღო საქართველოს მთავრობა, როცა საქართველო რუსეთმა დაიპყრო. შემდეგ, როცა სამწუხაროდ, საქართველოს ემიგრაცია ბევრი წლის განმავლობაში საფრანგეთში დარჩა, საფრანგეთი ყოველთვის იყო ქვეყანა, რომელიც ბოლომდე იცავდა ქართულ ემიგრაციას და აძლევდა ყველა საშუალებას, რათა თავი ეგრძნოთ, როგორც საკუთარ ქვეყანაში. მე ვარ ამის მაგალითი, რომ მივიღე ყველა საშუალება, თუნდაც ის, რომ დიპლომატიური კარიერა ბოლომდე მიმეყვანა ელჩის სტატუსამდე ისე, რომ არავის არასოდეს ჰქონია პრეტენზია, რომ ვიყავი ფრანგიც და ქართველიც ბოლომდე.

 

სუვერენობით, რადგან საფრანგეთი იყო ქვეყანა, რომელმაც 2008 წელს გამოიჩინა თავისი სოლიდარობა, მხარდაჭერა და ჩაერთო იმ დროისთვის კონფლიქტის შეწყვეტაში. რომ არა საფრანგეთი და პრეზიდენტი სარკოზი, ჩვენ შეიძლება სხვა მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა.

 

ასევე მინდა, პირადად მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, რადგან ჩემს ინაუგურაციაზე სწორედ პრეზიდენტი სარკოზი გამოუშვა, როგორც მთავრობის წარმომადგენელი და სხვათა შორის, საქართველოს მოსახლეობამ მიიღო ტაშით. ეს იყო ნიშანი იმის, რამდენად მადლიერია საქართველოს მოსახლეობა იმისთვის, თუ რა გაკეთდა 2008 წელს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყველა იმ საკითხს, რომელიც დღეს საქართველოსთვის ყველაზე გადამწყვეტია.

 

„ამ წარსულის გამო, ჩენ ვართ ერთგვარად იძულებული, რომ ჩვენი ურთიერთობები და მეგობრობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ამ მხრივ, ვთვლი, რომ ჩემი არჩევანიც არის ერთგვარი სიმბოლო, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოსახლეობამ როცა ამირჩია, აირჩია ერთდროულად ევროპელი პრეზიდენტი. ამირჩია იმისთვის, რომ სწორედ ეს როლი შევასრულო საქართველოსა და ევროპას შორის, რათა დავახლოვდეთ მაქსიმალურად, სანამ მოვა ის დღე, როცა გავხდებით ევროპისა და ევროკავშირის სრული წევრები.

 

ძალიან მადლობელი ვარ დღევანდელი დღისთვის, რადგან ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც დღეს საქართველოსთვის ყველაზე გადამწყვეტია. დაწყებული უსაფრთხოების სიტუაციით, სადაც საფრანგეთი გახდა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი. ის ქვეყანა, რომელიც გვეხმარება, გაძლიერდეს საქართველოს საჰაერო უსაფრთხოება. ჩვენ საფრანგეთისგან ვყიდულობთ ამ შესაძლებელ აღჭურვილობას და პირობაც მივიღეთ, რომ ეს გაგრძელდება და გაძლიერდება ყველაფერში, რაშიც ვიგრძნობთ საჭიროებას, საფრანგეთი მზად არის, იყოს ჩვენს გვერდში.

 

ჩვენ ვართ სტაბილურობის კუნძული რეგიონში, რომელიც არის საკმაოდ დაძაბული ბევრი სხვა მიმართულებით და ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საფრანგეთის მზადყოფნა და მხარდაჭერა, რომ იყოს ჩვენს გვერდით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთი მზად არის, ჩაერთოს ახალ პროექტებში, რომელიც შავ ზღვას ეხება.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიგრძნოთ უფრო მეტი სიახლოვე ევროკავშირთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რომლებიც არსებობენ შავი ზღვის მეორე მხარეს – რუმინეთი თუ ბულგარეთი და ევროპელებმაც იგრძნონ, რომ საქართველო არის ბევრად ახლოს ევროპასთან, არის საზღვაო საზღვარზე. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიგრძნოთ, რომ ვართ ერთი ნაწილი ერთი ოჯახის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner